მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მაგთი" 5G ინტერნეტის სიხშირეებში 149 მილიონ ლარს გადაიხდის

მაგთი

კომუნიკაციების კომისიის მიერ მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტის დასანერგად გამოცხადებულ აუქციონში „მაგთიკომი“ დამატებით ცალკე მდგომი ლოტების გამარჯვებული გახდა. კერძოდ, კომპანიამ 15 წლის ვადით მოიპოვა 2600 მჰც სიხშირული დიაპაზონით სარგებლობის ლიცენზიები, რომელთა ღირებულებაც 23 097 816 ლარს შეადგენდა. ამას გარდა, კომპანიამ 21 და 18 ოქტომბერს გამართულ სიხშირულ აუქციონებშიც მიიღო მონაწილეობა და მთლიანობაში 5G ლიცენზიებში 149 025 808 ლარს გადაიხდის. ამ თანხის 30% კომპანიამ უკვე გადაიხადა, ხოლო დარჩენილ 70%-ს ერთი წლის ვადაში დაფარავს.

"5G აუქციონზე „მაგთიკომი“ ასევე ერთი კომბინირებული ლოტის და ცალკემდგომი ლოტების გამარჯვებულად გამოცხადდა, რომლის ფარგლებშიც, 700, 800 და 3410-3710 სიხშირული დიაპაზონებით სარგებლობის ლიცენზიები მიენიჭა. ჯამურად, „მაგთიკომის“ მიერ ყველა შეძენილი სიხშირის ღირებულება 149 025 808 ლარს შეადგენს. სიხშირეების მოპოვებასთან ერთად, ოპერატორს დაევალა მომდევნო 7 წლის განმავლობაში 5G ქსელით ეტაპობრივად დაფაროს საქართველოს მჭიდროდ დასახლებული პუნქტები, ტურისტული ზონები, პორტები, აეროპორტები, რკინიგზა და ძირითადი საავტომობილო გზები. ამასთან, 5G ქსელების აგებისას, კომპანიამ უნდა იხელმძღვანელოს ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ტექნიკური ნორმებით, რაც ქსელის მაღალ ხარისხსა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

საგულისხმოა, რომ მეორედ გამოცხადებულ აუქციონზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) დაშვების სავალდებულო მოთხოვნა არ არსებობდა, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ლოტს MVNO-ს ვალდებულებით აირჩევდა, საწყის საფასურზე 20%-იანი ფასდაკლება იმოქმედებდა. „მაგთიკომმა“ ლოტები MVNO-ს სავალდებულო დაშვების გარეშე შეიძინა.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს გამოცხადებულ 5G აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ „სელფი მობაილმა“ მიიღო, რომლის ფარგლებშიც MVNO-ს დაშვების ვალდებულებასთან ერთად მოიპოვა ლიცენზია მეხუთე თაობის ტექნოლოგიის დასანერგად. დღეისთვის, „სელფი მობაილს“ 5G ზუგდიდში, ბაკურიანში, გუდაურში, ბათუმში, ქობულეთში, შეკვეთილში, გონიოსა და კვარიათში უკვე დანერგილი აქვს და ამ პროცესს კვლავ აქტიურად აგრძელებს. გამომდინარე იქიდან, რომ ComCom-ისთვის ახალი თაობის ტექნოლოგიების დანერგვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, კომისიამ გაითვალისწინა ოპერატორების მომართვა და პირველი აუქციონიდან ერთი წლის შემდეგ, კომპანიებს მეორედ მისცა შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა აუქციონში, დანერგონ მე-5 თაობის ტექნოლოგია და მომხმარებელს მაღალი ხარისხის მომსახურება შესთავაზონ,"- ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები