მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მაგთიკომს“ 5G-ს კუთხით გააქტიურებისკენ  ბაზრის კონიუნქტურამ უბიძგა - რატი ახვლედიანი

5G
სტატიაში საუბარია:

„მაგთიკომს“ 5G -ს კუთხით გააქტიურებისკენ ბაზრის კონიუნქტურამ უბიძგა - INEX PHONE -ის გენერალური დირექტორი და მმართველი პარტნიორი რატი ახვლედიანი მიიჩნევს, რომ სწორედ ბაზარზე მისი კონკურენტების აქტიურობა იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც კომპანიამ წინა წლისგან განსხვავებით ახალ აუქციონში განაცხადები წარადგინა.

„მაგთიკომი“ ერთადერთია, რომელიც 5G ქსელის დასანერგად მიმდინარე აუქციონში მონაწილეობს და განაცხადი შეიტანა ერთ კომბინირებულ ლოტსა და ცალკემდგომ ლოტებზე 700, 800, 3410-3710 და 2600 მჰც დიაპაზონებში. გასულ წელს კი, აუქციონში მონაწილეობაზე უარი იმ მიზეზით თქვა, რომ MVNO ოპერატორების იძულებითი დაშვებას აპროტესტებდა, უფრო ადრე კი, კომპანიაში მიიჩნევდნენ, რომ 5G ქსელის კომერციული გაშვებისთვის მზად არ იყვნენ ის ინდუსტრიულ დარგები, რომლებიც ამ ტექნოლოგიის მთავარი მომხმარებლები უნდა გახდნენ. თუმცა, ამავდროულად, „მაგთიკომმა“ მე-5 თაობის ტექნოლოგია სატესტო რეჟიმში ჯერ კიდევ 2020 წელს გაუშვა.

„ჩემი აზრით, როგორც სფეროს ლიდერი პოზიციას დაკარგავდა და დიდ ზარალს მიიღებდა პოზიციონირების კუთხით, რაიმე ნაბიჯი რომ არ გადაედგა 5G-ის დანერგვისთვის. როგორც იცით, „სელფი მობაილმა“ ერთი წლის წინ შეიძინა ლიცენზია და დაიწყო 5G -ს დანერგვა, „სილქნეტმაც“ გარკვეულწილად გაუშვა 5G თბილისის რამდენიმე უბანში (ეს არ არის ის სიჩქარე რაც უნდა იყოს, მაგრამ...) და მაგთიკომი იყო თამაშგარე მდგომარეობაში, მას არ ჰქონდა არანაირი ნაბიჯი გადადგმული 5 G-ის მიმართულებით და „მაგთიკომი“, როგორც სფეროს ლიდერი ჩემი აზრით, პოზიციებს დაკარგავდა. ამიტომ ვფიქრობ, არამხოლოდ ფინანსური ინტერესის მიზნით გადადგა ნაბიჯები, არამედ ბაზარზე დომინირებული პოზიციის შესანარჩუნებლად. თანაც 5G მომავალი და მის დანერგვას ვერ გავექცევით. თუმცა 5G -ს მიმართულებით სხვა ოპერატორებს რომ ნაბიჯები არ გადაედგათ, დღეს არც მაგთიკომი ისურვებდა ამ ნაბიჯის გადადგმას“, - განაცხადა „საქმის კურსში“ სტუმრობისას რატი ახვლედიანმა.

INEX PHONE -ის გენერალური დირექტორი მიიჩნევს, რომ 5G -ის დანერგვა მარტივი არ იქნება. ეს ერთს მხრივ მოიცავს მსხვილ ინვესტიციებს, როგორც ლიცენზიის შეძენის, ისე ტექნოლოგიების კუთხით და მეორეს მხრივ, ის მოითხოვს ადამიანურ რესურსს, რაც არანაკლები გამოწვევაა.

„5G-ს დანერვისთვის ძირითადად 3 გამოწვევაა - ფინანსები, მოწყობილობები და ადამიანური რესურსი. ეს სამი კომპონენტი საკმაოდ რთული შესაკვრელია. საჭიროა სწორად ინვესტირება, რომ გადახარჯვა არ მოხდეს, მსოფლიოში არსებული ბევრი ალტერნატივიდან სწორი ტექნოლოგიის შერჩევა და ადამიანური რესურსის მომზადება. კვალიფიციური კადრები არანაკლებ მნიშვნელოვანია. ქართველებამ უნდა ვისწავლოთ მისი დანერგვა, მენეჯმენტი, ხარისხის კონტროლი, რომ ყველაფერი უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით არ ხდებოდეს“, - აღნიშნავს რატი ახვლედიანი.

აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოცხადებულ აუქციონებში გამარჯვების შემთხვევაში „მაგთიკომი“ ერთი კომბინირებული და რამდენიმე ცალკე მდგომი სიხშირის მფლობელი გახდება, რაც რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაუჯდება. საკომუნიკაციო ბაზრის უმსხვილესი მოთამაშე მომდევნო 7 წლის განმავლობაში 5G ქსელით ეტაპობრივად დაფარავს საქართველოს მჭიდროდ დასახლებული პუნქტებს, ტურისტულ ზონებს, პორტებს, აეროპორტებს, რკინიგზას და ძირითად საავტომობილო გზებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები