მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მაგთიმ" 48.8 მილიონ ლარად საქართველოში 5G-ის დანერგვის ლიცენზია მოიპოვა

ანტენა მობილური ოპერატორი ქსელი ტელეფონი კავშირგაბმულობა კომუნიკაციები

"მაგთი" თავის ქსელში 5G ინტერნეტს დანერგავს - კომპანიამ დღეს ComCom-ის აუქციონში გაიმარჯვა, რომელზეც სალიცენზიო სიხშირეები იყო გამოტანილი. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, "მაგთის" მიერ აუქციონის გზით მიღებული სიხშირეების ჯამური ღირებულება 48.8 მილიონ ლარს შეადგენდა და ამ თანხის 30% კომპანიამ უკვე დაფარა, დანარჩენ 70%-ს კი მომდევნო ერთი წლის განმავლობაში გადაიხდის.

კომუნიკაციების კომისიამ 5G ინტერნეტის აუქციონი წელს განმეორებით გამოაცხადა, წინა აუქციონი 2023 წელს ჩატარდა და მასში მონაწილეობა მხოლოდ "სელფიმ" მიიღო, რომელიც ამ დრომდე ერთადერთი ოპერატორი იყო, რომელსაც 5G ლიცენზია ჰქონდა, დღეიდან კი მას "მაგთიც" შეემატა. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, "მაგთი" 5G ინტერნეტის დასანერგად კიდევ დამატებითი სიხშირეების ლიცენზიის შეძენასაც გეგმავს, რომლისთვისაც აუქციონები 21; 22 და 23 ოქტომბერს გაიმართება, შესაბამისად 48.8 მილიონი ლარი არ არის სრული თანხა, რომელსაც კომპანია სიხშირული ლიცენზიების მოპოვებისთვის გადაიხდის.

ComCom-ის თანახმად, "მაგთი" ამ აუქციონის პირობებით ვალდებულია მომდევნო 7 წელში დაასრულოს ქვეყნის მჭიდროდ დასახლებული პუნქტების, ტურისტული ზონების, პორტების, აეროპორტების, რკინიგზის და ძირითადი საავტომობილო გზების გასწვრივ უზრუნველყოს 5G მხარდაჭერა.

"5G-ის დასანერგად აუქციონი სულ 17 ლოტზე იყო გამოცხადებული, რომლის ფარგლებშიც 700, 3410-3710, ასევე 2600 მჰც დიაპაზონების სიხშირული ზოლები იყო გამოტანილი. 17 ლოტიდან ორ კომბინირებულ, მათ შორის ერთ კონკრეტულ და ერთ აბსტრაქტულ ლოტს ერთნაირი დაფარვის ვალდებულებები და ფასი ჰქონდათ განსაზღვრული. ორივე მათგანი სიხშირული სპექტრის ორი განსხვავებული, 700 და 3410-3710 მეგაჰერცი დიაპაზონის ზოლებისგან შედგება და დასახლებული პუნქტების დაფარვის ერთნაირ ვალდებულებას ითვალისწინებს. გარდა 5G-ის დასანერგად გამოცხადებული ლოტებისა, აუქციონი ასევე გამოცხადებული იყო 800 და 2100 მჰც სიხშირულ დიაპაზონებში ლიცენზიის მოსაპოვებლად დამატებით 4 ცალკემდგომ ლოტზე. საგულისხმოა, რომ კომბინირებული ლოტის შეძენისას MVNO-ს დაშვების სავალდებულო მოთხოვნა არ არსებობდა, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ლოტს MVNO-ს ვალდებულებით აირჩევდა, საწყის საფასურზე 20%-იანი ფასდაკლება იმოქმედებდა. „მაგთიკომმა“ N1 კომბინირებული ლოტი MVNO-ს სავალდებულო დაშვების გარეშე შეიძინა.

გასულ წელს გამოცხადებულ 5G აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ „სელფი მობაილმა“ მიიღო, რომლის ფარგლებშიც MVNO-ს დაშვების ვალდებულებასთან ერთად მოიპოვა ლიცენზია მეხუთე თაობის ტექნოლოგიის დასანერგად. დღეისთვის, „სელფი მობაილს“ 5G ზუგდიდში, ბაკურიანში, გუდაურში, ბათუმში, ქობულეთში, შეკვეთილში, გონიოსა და კვარიათში უკვე დანერგილი აქვს და ამ პროცესს კვლავ აქტიურად აგრძელებს. გამომდინარე იქიდან, რომ ComCom-ისთვის ახალი თაობის ტექნოლოგიების დანერგვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, კომისიამ გაითვალისწინა ოპერატორების მომართვა და პირველი აუქციონიდან ერთი წლის შემდეგ, კომპანიებს მეორედ მისცა შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა აუქციონში, დანერგონ მე-5 თაობის ტექნოლოგია და მომხმარებელს მაღალი ხარისხის მომსახურება შესთავაზონ,"- ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები