"მაგთიმ" საკუთარ ქსელზე მესამე პირების, მათ შორის მობილური ვირტუალური MVNO ოპერატორების დაშვების პირობები გამოაქვეყნა - ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია აქვეყნებს.
სწორედ ComCom-ის მიერ 2024 წლის ზაფხულში მიღებული გადაწყვეტილებით, "მაგთი" როგორც ფიქსირებულ, ასევე მობილური კავშირგაბმულობის ბაზრებზე ჭარბი ძალაუფლების მქონე ოპერატორად გამოცხადდა და მას მთელი რიგი ვალდებულებები განესაზღვრა. კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, "მაგთის" მხრიდან ღია დაშვების უზრუნველყოფამ ქვეყნის ტელეკომუნიკაციების ბაზარზე კონკურენციის მხრივ არსებული მდგომარეობა უნდა გააუმჯობესოს.
დაშვების სერვისები
ComCom-ის ვალდებულების თანახმად „მაგთიკომის“ მიერ გამოქვეყნებული შეთავაზებები მოიცავს:
- ფიქსირებული ქსელის დაშვებას: ლოკალურ და ცენტრალურ საბითუმო მომსახურებებს.
- მობილური ქსელის დაშვებას: ეროვნული როუმინგი, თანალოკაცია და მობილური ვირტუალური ოპერატორის (MVNO) მომსახურებები.
დეტალური ინფორმაცია
დაშვების პირობებში შესულია ტექნიკური და კომერციული დეტალები, მათ შორის:
- მომსახურების ტარიფები;
- ტექნიკური სტანდარტები და აპარატურის მოთხოვნები;
- მომსახურების ხარისხის სტანდარტები;
- გაუმართაობის და აღდგენის პროცედურები.
პირობები ხელმისაწვდომია „მაგთიკომის“ და კომუნიკაციების კომისიის ვებგვერდებზე.
კომუნიკაციების ბაზრის კვლევა და ComCom-ის გადაწყვეტილება:
2022 წელს, ევროკავშირის მხარდაჭერით, დაიწყო საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევა, რომელიც ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მისი შედეგების თანახმად, საქართველოში მობილური და ფიქსირებული ინტერნეტის ბაზრები არაკონკურენტულია. აღნიშნული საკითხის დარეგულირებისთვის კომუნიკაციების კომისიამ "მაგთის" ჭარბი ძალაუფლების მქონე ოპერატორის სტატუსი მიანიჭა და კომპანიას საკუთარ ინფრასტრუქტურაზე მესამე პირების დაშვების ვალდებულება განუსაზღვრა. თავის მხრივ კომპანია მიუთითებდა ამ კვლევის მეთოდოლოგიურ ნაკლოვანებებზე და იმაზე, რომ მისი დასკვნები რეალობას არ შეესაბამებოდა, თუმცა კომისიამ აღნიშნული არგუმენტები არ გაიზიარა და კომპანიას რეგულაციები დაუწესა.