მაია ცქიტიშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ხელმძღვანელებმა ნავსადგურის პროექტთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები განიხილეს
საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ხელმძღვანელებს შეხვდა.
"სამუშაო ფორმატში, მხარეებმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები განიხილეს", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ მოკლე პრესრელიზში.
სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბოლომდე ანაკლიის განვითარების კონსორციუმს დაფინანსების ნაწილში შესასრულებელი რჩება შემდეგი ვალდებულებები:
- შეთანხმება პოტენციურ ინვესტორებთან 120 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კონსორციუმის საკუთარი კაპიტალის შევსების თაობაზე;
- საერთაშორისო ბანკებთან 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფის თაობაზე შეთანხმების მიღწევა და ხელშეკრულების გაფორმება;
- ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის 20 მილიონი დოლარის ოდენობის საბანკო გარანტიის წარდგენა;
- პირველი ფაზის ტერმინალის ოპერატორთან და პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტორთან ხელშეკრულების გაფორმება.




























