მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“Maib-ის სუპერ აპის პირველ ვერსიას ივნისამდე გავუშვებთ” - გიორგი შაგიძე

Maib

ბოლო წლებში, გლობალურ ტექნოლოგიურ არენაზე ერთი ტენდენცია გამოიკვეთა, რომელსაც, ძირითადად, ფინანსური კომპანიები იყენებენ, რომელთაც ფინტექებად, ანუ ფინანსურ-ტექნოლოგიურ კომპანიებად ჩამოყალიბება სურთ. ეს ტენდენცია - სუპერ აპად გადაქცევაა და მის მაგალითებს ვხვდებით, როგორც ჩინეთში, ასევე ყაზახეთში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. საინტერესოა, რომ 2021 წლიდან, განვითარების ეს ვექტორი აირჩია მოლდოვის უმსხვილესმა ბანკმა Maib-მაც, რომელსაც ქართველი გიორგი შაგიძე ხელმძღვანელობს.

ბანკის სერვისების გაციფრულება, ისევე, როგორც სუპერ აპის შექმნა გიორგი შაგიძის ხედვის ორი მნიშვნელოვანი პოსტულატია, რომლებზეც ბანკში, ბოლო რამდენიმე წელია, რაც მუშაობენ. როგორც გიორგი შაგიძემ BMG-სთან საუბრისას განაცხადა, სუპერ აპის შექმნის პროცესი დასასრულს უახლოვდება და ის მიმდინარე წლის ივნისამდე ჩაეშვება.

“სუპერ აპის პირველ ვერსიას, სავარაუდოდ, მაის-ივნისში გავუშვებთ. კი, გვაქვს ეკოსისტემები, როგორც ავტომობილების, ასევე უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის მიმართულებით, მაგრამ პირველ ეტაპზე, სუპერ აპი, ძირითადად, ყოველდღიურ ოპერაციებზე და ტრანზაქციებზე იქნება ფოკუსირებული, მათ შორის დაზღვევაზე და სახელმწიფო სერვისებზე.

ეს სერვისები, ისევე, როგორც ციფრული ბანკი ერთ აპლიკაციაში განთავსდება, მაგრამ თუ სუპერ აპი მომხმარებელს თავგზას აუბნევს, ის შეძლებს აპლიკაცია იმ ფორმით გამოიყენოს, როგორც დღეს და პირიქით, ვისაც სუპერ აპის გამოყენება სურს, მის ჩართვას ხელის ერთი მოძრაობით შეძლებს. ამ ორ არჩევანს მომხმარებლებს დიდი ხნის განმავლობაში დავუტოვებთ, მანამ, სანამ არ ვისწავლით, თუ როგორ იყენებენ ისინი ჩვენს აპლიკაციას”, - განაცხადა გიორგი შაგიძემ BMG-სთან.

სუპერ აპის განვითარების გარდა, Maib-ი მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციასაც გადის. როგორც გიორგი შაგიძემ BMG-სთან განაცხადა, დღეს, Maib-ის ყოველი მეორე სესხი კომპანიის ციფრული ბანკიდან გაიცემა, რაც ონლაინ გაცემული სესხების საკმაოდ დიდი მოცულობაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ მოლდოვის უმსხვილეს ბანკზე ქვეყნის სასესხო პორტფელის დაახლოებით 40% მოდის.

“ციფრულ ტექნოლოგიებს რაც შეეხება, ამ მიმართულებით ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს. ერთი რიცხვი, რომლითაც ძალიან ვამაყობთ ისაა, რომ Maib-ის ციფრული პროდუქტების მოხმარების მაჩვენებელი, კვარტალიდან კვარტალამდე, წლიურად, დაახლოებით 50%-ით იზრდება. ამასთან, ყოველი მეორე სესხი Maib-ის ციფრული ბანკის მეშვეობით გაიცემა.

ამ მიმართულებით ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს და შარშან ბევრი სერვისიც გავუშვით, რადგან სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებაზე ვფოკუსირდებით. გვინდა, ის ძალიან ინტუიციური და მარტივი იყოს, რისთვისაც რეგიონში არსებულ საუკეთესო შესაძლებლობებს ვიყენებთ - უკრაინული Monobank-ისა და Revolut-ისგან ვსწავლობთ. ამრიგად, პროგრესი ყველა მიმართულებით გვაქვს”, - განაცხადა გიორგი შაგიძემ BMG-სთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები