ესკოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში მოქმედმა იმ კომპანიებმა, რომლებიც ინდუსტრიულ დონეზე იყვნენ მაინინგით დაკავებული, ელექტროენერგიის მოხმარება მინიმუმამდე დაიყვანეს.
ელექტროენერგია მაინინგის სფეროსთვის ფაქტობრივად ერთადერთი რესურსია, რომელსაც ეს სფერო იყენებს, შესაბამისად მისი მოხმარების კლება მთლიანად ამ აქტივობის კლებაზე მეტყველებს.
მაგალითად, Bitfury საქართველომ, ანუ შპს “ბი ეფ დი სი ჯორჯიამ”, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 62,5 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, 2023 წლის იანვარ-თებერვალში კი მოხმარებამ მხოლოდ 0.2 მილიონი კილოვატ საათი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 99.6%-ით ნაკლებია. Bitfury-ი საქართველოში თბილისის თიზ-ის ტერიტორიაზე საქმიანობს.
კიდევ ერთი კომპანია, რომელიც მაინინგით არის დაკავებული შპს “აითილებია”, მან გასული წლის იანვარ-თებერვალში 22.7 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, წელს კი მისი მოხმარება 0 მილიონი კილოვატ საათი იყო.
შედარებით უფრო ნაკლებად შემცირდა კომპანია “დატა ჰაბის” მიერ მოხმარებული დენის მოცულობა, და ის შარშან არსებული 11.2 მილიონი კილოვატ საათიდან 6.8 მილიონ კილოვატ საათამდე შემცირდა.
ჯამში ამ კომპანიების მოხმარება შარშან არსებული 96.2 მილიონი კილოვატ საათიდან 7 მილიონ კილოვატ საათამდე შემცირდა, რაც 93%-იანი ვარდნაა.
BMG-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, Bitfury-ის მიერ საქართველოში აქტივობის შემცირება გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ კანადასა და აშშ-ში, სადაც კომპანია ასევე ფლობს მაინინგის სიმძლავრეებს - ამ ქვეყნებში ელექტროენერგიის საფასური კილოვატზე 2 ცენტამდე არის შემცირებული, მაშინ როდესაც საქართველოში თებერვლის მდგომარეობით, საბალანსო დენის ღირებულება 14.45 თეთრია, რაც 5.6 ცენტს შეადგენს, ეს კი აქ ფართომასშტაბიან მაინინგს კომერციულ მომგებიანობას უკარგავს.