"ოცნების" პრემიერმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, მამუკა მდინარაძეს სპეციალური წოდება „სახელმწიფო უსაფრთხოების მაიორი“ მიანიჭა. შესაბამისი ბრძანება 26 დეკემბრით თარიღდება.
„მამუკა მდინარაძეს, ვადამდე მიენიჭოს მორიგი უფროსი სპეციალური წოდება სახელმწიფო უსაფრთხოების მაიორი“, - წერია კობახიძის ხელმოწერილ ბრძანებაში.
აღსანიშნავია, რომ ეს მეორე წოდებაა ბოლო ორ დღეში, რაც მდინარაძეს კობახიძემ მიანიჭა. 25 დეკემბრის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ "სახელმწიფო უსაფრთხოების უფროს ლეიტენანტს, მამუკა მდინარაძეს, ვადამდე მიენიჭოს მორიგი საშუალო სპეციალური წოდება "სახელმწიფო უსაფრთხოების კაპიტანი“".
ცნობისთვის, მამუკა მდინარაძეს ირაკლი კობახიძემ 3 სექტემბერს "სახელმწიფო უსაფრთხოების ლეიტენანტის" წოდება მიანიჭა. 23 ოქტომბერს კი - "უფროსი ლეიტენანტის” წოდება.
მამუკა მდინარაძე სუს-ის უფროსად მიმდინარე წლის სექტემბერში დაინიშნა. მანამდე ამ პოზიციას აპრილიდან აგვისტოს ჩათვლით ანრი ოხანაშვილი იკავებდა.
ფერწერული ტილოები და ₾140 ათასი სესხი - რა ქონებას ფლობს მამუკა მდინარაძე?




























