საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.5% შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.8%-ით განისაზღვრა.
საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ ეკონომიკური ზრდის მიზეზების შესახებ პრესკონფერენცია გამართა. მისი განცხადებით, მაისში საქართველოს კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი კომპანიების ბრუნვამ 14.7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 13%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
კონკრეტული სექტორების მიხედვით, ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა კვლავ IT სექტორის ბრუნვის მნიშვნელოვანმა მატებამ იქონია, ხოლო შემცირების მხრივ კი კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკისა და საფინანსო სექტორებში.
"ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო კომპიუტერული პროგრამების შემუშავებასთან, ასევე IT სფეროში კონსულტაციების გაწევასთან და მასთან დაკავშირებული მომსახურების მოცულობის ზრდასთან. დამმუშავებელი მრეწველობის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო როგორც ალკოჰოლური, ისე არაალკოჰოლური სასმელების წარმოების მოცულობის გაფართოებასთან.
ამასთან მაისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ორჯერ და მეტად არის გაზრდილი ყურძნის ნატურალური ღვინის ექსპორტი. ასევე 12%-ით გაიზარდა მინერალური წყლების ექსპორტის მაჩვენებელი. გარკვეული პოზიტიური ძვრები შეინიშნებოდა ასევე მეტალურგიულ მრეწველობაში, დაახლოებით 7.3%-ით გაიზარდა სილიკომანგანუმის ექსპორტის მაჩვენებელი.
და ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ გაზრდილია არალითონური სამშენებლო კონსტრუქციების და არალითონური მინერალური პროდუქტების წარმოების მაჩვენებელი, როგორიცაა ცემენტის და ბეტონის წარმოება. ვაჭრობის სექტორში ზრდას ძირითადად განაპირობებდა მსუბუქი ავტომობილებით ვაჭრობის მოცულობის გაფართოება, როგორც საგარეო ვაჭრობიდან მოგეხსენებათ.
მაისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაახლოებით 35%-ით არის გაზრდილი მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი, ძირითადად ცენტრალური აზიის ქვეყნების მიმართულებით. გარდა ამისა, გაზრდილია საბითუმო ვაჭრობა სამშენებლო მასალებით, ასევე საცალო და საბითუმო ვაჭრობა საკვებ პროდუქტებით, სასმელებით და თამბაქოს ნაწარმით.
ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო საჰაერო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან, როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით ყველაფერია დაკავშირებული. მშენებლობის სექტორში ზრდა ძირითადად განაპირობა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობის მოცულობის გაფართოებამ.
გაზრდილია ასევე სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოების მოცულობა, როგორიცაა სამშენებლო მანქანების და მოწყობილობების იჯარა, ასევე ელექტრო ტექნიკური და სარემონტო სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მაისში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით დაახლოებით 44%-ით არის გაზრდილი ცემენტის და კლინკერის იმპორტის მაჩვენებელი.
კლების ტენდენცია ორ სექტორში გამოვლინდა. კლების ტენდენცია შეინიშნებოდა ენერგეტიკის სექტორში, რაც ძირითადად დაკავშირებული იყო ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავების მოცულობის შემცირებასთან. დაახლოებით 7.5%-ით არის წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი.
ასევე, საფინანსო სექტორში მცირედი კლების ტენდენცია ძირითადად დაკავშირებული იყო კომერციული ბანკების საპროცენტო და არასაპროცენტო ხარჯების გაზრდასთან და შესაბამისად ამ მიმართულებით შემოსავლები შედარებით დაბალ ნიშნულზე იყო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით", - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.




























