„მაკდონალდს“ საქართველო ერთგულ მომხმარებლებს 8 ივნისიდან რესტორნების დარბაზებშიც უმასპინძლებს. რესტორნების ქსელი საქართველოს მასშტაბით მდებარე ყველა ობიექტს ახალი რეგულაციებით და უსაფრთხოების წესებით ხსნის.
მაკდონალდსის სტუმრობისას, მომხმარებელს დარბაზში უნდა ეკეთოს პირბადე, სავალდებულო ხდება დეზობარიერის გავლა და თერმოსკრინინგი. მომხმარებლებმა ხელები უნდა დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით და დაიცვან ორ მეტრიანი დისტანცია. რეკომენდებულია უნაღდო ანგარიშსწორებით გადახდაც. აგრეთვე, კომპანია სტუმრებს სთხოვს შეკვეთის მიცემის შემდეგ, აიღონ პირამიდა და მზა მენიუს დაელოდონ მაგიდასთან.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანი და სასიხარულოა, რომ კვლავ შეგვიძლია ვუმასპინძლოთ ჩვენს მონატრებულ მომხმარებლებს. „მაკდონალდს“ საქართველო ზრუნავს მათ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე; ამიტომ, სტუმრებს ვთხოვთ გაითვალისწინონ და შეასრულონ ის რეგულაციები და მითითებები, რომელიც ჩვენი რესტორნის ვიზიტორების უსაფრთხოებისთვის შეიქმნა.“-აცხადებენ კომპანიაში.
მკაცრი წესები და რეგულაციები უკვე რამდენიმე თვეა მოქმედებს რესტორნის თანამშრომლებზეც. გაძლიერებულია ჰიგიენის დაცვის ნორმები, სადეზინფექციო ხსნარებით სისტემატიურად ხდება ზედაპირების დამუშავება, პირამიდებს დეზინფექცია უტარდებათ ყოველი მოხმარების შემდეგ. ასევე, პროდუქტის მომზადებისას გათვალისწინებულია ყველა ჰიგიენური ნორმა რომელსაც „მაკდონალდსის“ საერთაშორისო სტანდარტი მოითხოვს.
ახალი რეგულაციების შესაბამისად, რესტორნის თანამშრომლები იყენებენ ხელთათმანებსა და პირბადეებს, რომლებიც სისტემატიურად იცვლება. აგრეთვე, პერსონალისთვის სავალდებულოა ხელების დაბანა გაზრდილი სიხშირით (15 წუთში ერთხელ).
პანდემიის გამო დახურული რესტორნების მიუხედავად, მაკდონალდს საქართველოს მუშაობა არ შეუჩერებია. კომპანია მომხმარებლებს მაქსიმალურად უსაფრთხო მომსახურებას უწევს უკონტაქტო, ადგილზე მიტანის სერვისის და მაკდრაივის მეშვეობით.
„მაკდონალდსი“ მსოფლიოს 119 ქვეყანაში ოპერირებს და ყოველდღიურად დაახლოებით 68 მილიონ ადამიანს ემსახურება. საქართველოში „მაკდონალდსის“ პირველი რესტორანი 1999 წლის 5 თებერვალს გაიხსნა. დღეს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და რუსთავში მთლიანობაში 16 ობიექტს მოიცავს.