საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან მომავალი საფრთხე არ ქრება და ის მთელს ევროპას ეხება საფრანგეთის ჩათვლით.
მისი თქმით, რუსეთს ვეღარ ენდობიან, რადგან მან მინსკის შეთანხმებები დაარღვია. მაკრონი ამბობს, რომ მიესალმება ყველა სამშვიდობო ინიციატივას, მაგრამ ის ასევე აცხადებს, რომ მშვიდობა ვერ დამყარდება უკრაინის ხარჯზე.
"რუსეთი “შეიარაღებას აგრძელებს” და 2030 წლისთვის “ის გეგმავს საკუთარი არმიის კიდევ უფრო გაზრდას, 300,000 დამატებითი ჯარისკაცის, 3,000 ტანკის, 300 საბრძოლო თვითმფრინავის ყოლას”, - განაცხადა მან.
მაკრონის თქმით, ის ევროპელ მოკავშირეებთან ერთად განიხილავს რუსეთის მხრიდან საფრთხისგან თავის დასაცავად მათ მიერ საფრანგეთის ბირთვული შემაკავებელი პოტენციალის გამოყენების იდეას.მან ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთი ევროკავშირის ერთადერთი ბირთვული სახელმწიფოა და საფრანგეთის ბირთვული ძალების კონტროლი პრეზიდენტის ხელში დარჩება.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა, საფრანგეთის არმიაზე და თქვა, რომ საფრანგეთს ევროპაში ყველაზე ეფექტიანი არმია ჰყავს, მაგრამ აუცილებელია მისი გაზრდა.
თავის გამოსვლაში მაკრონმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ შეეცდება დაარწმუნოს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომ არ შემოიღოს გადასახადები ევროპული საქონლის იმპორტზე.