მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მაკრონმა უკრაინისთვის დამატებით €2-მილიარდიანი სამხედრო დახმარება გამოყო

ზელენსკი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინისთვის დამატებით €2-მილიარდიანი სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ განაცხადა. მაკრონმა ამის შესახებ პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, რომელიც "მსურველთა კოალიციის" პირველ სამიტს უსწრებდა წინ.

Euronews-ის ინფორმაციით, სამხედრო დახმარების პაკეტი ითვალისწინებს სამხედრო აღჭურვილობას, როგორებიცაა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, საჰაერო თავდაცვის რაკეტები, ჯავშანმანქანები, დრონები და ა.შ.

პრესკონფერენციაზე მაკრონმა განაცხადა, რომ "მსურველთა კოალიციის" სამიტზე მსოფლიო ლიდერები "უკრაინის შეიარაღებული ძალების სამომავლო ფორმატზე იმსჯელებენ". მისი განმარტებით, პარიზში 27 მარტს ჩანიშნული სამიტის მიზანია უზრუნველყოს, რომ უკრაინა ახალი დარტყმების წინააღმდეგ გამძლეობას ინარჩუნებს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინაში მშვიდობისმყოფელი ჯარისკაცების გაგზავნაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფრანგი სამხედროები წინა ხაზებში არ იბრძოლებენ. მისი თქმით, ჯარისკაცთა პოტენციური გაგზავნა წინა ხაზისთვის ზურგის გამაგრებას მოხმარდება.

პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთისთვის სანქციების შერბილება არ იგეგმება, რადგან ამისთვის "ჯერ მეტისმეტად ადრეა".

ცნობისთვის, უკრაინის მოკავშირე ქვეყნის ლიდერები დღეს პარიზში რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის უსაფრთხოების გრძელვადიან გარანტიებს განიხილავენ. ელისეს სასახლეში ჯამში 31 ქვეყნის, მათ შორის NATO-ს მოკავშირეების, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, დიდი ბრიტანეთის, კანადისა და ნორვეგიის ლიდერებს ელიან. სამიტს დაესწრება ვოლოდიმირ ზელენსკიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები