პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ირწმუნება, რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან პირველივე წელს პენსიის 200 ლარით გაზრდას შეძლებენ, ხოლო 4-5 წელიწადში კი, პენსია 1000 ლარს მიუახლოვდება. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის იმ კითხვების საპასუხოდ განაცხადა, რომელიც „ლელოს“ ერთ-ერთი მთავარი დაპირების - 1000-ლარიანი პენსიის - დაფინანსების წყაროებს და პერიოდს შეეხებოდა.
საქმე ის არის, რომ შარშან საქართველოში პენსიის მიმღებთა რაოდენობა 838 097-მდე გაიზარდა. პენსიის ოდენობა კი 315 ლარიდან იწყება და 500 ლარამდე ადის. მაგალითად, 498 ლარია მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერების პენსია. ჯამში კი, 2024 წლის ბიუჯეტში საპენსიო უზრუნველყოფისთვის გათვალისწინებულია 3 მილიარდ 930 მლნ ლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ პენსიონერთა რაოდენობის გათვალისწინებით, 1000 ლარამდე პენსიის ზრდისთვის, სახელმწიფომ პენსიის ბიუჯეტი რამდენიმე მილიარდი ლარით უნდა გაზარდოს.
- 1000-ლარიანი პენსია პოლიტიკური ბრენდინგის ჭრილში თუ შევხედავთ, მიმზიდველი პროდუქტი ჩანს, მაგრამ კრიტიკის საგანი გახდა როგორც ოპოზიციის, ისე მთავრობის მხრიდან - კითხვები, ძირითადად, შეეხება დაფინანსების წყაროს. „პარტია ლელოს კალკულაციები წინა საარჩევნო დაპირებების კუთხით ვერ უძლებს მე-6 კლასის მოსწავლის მათემატიკის ტესტს“, - თქვა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმაც... პენსიის 1000 ლარამდე ზრდის რესურსს ბიუჯეტში, ჯერჯერობით, მეც ვერ ვხედავ...
- დღეს არ გამოჩნდება, მაგრამ არსებულ, 2024 წლის ბიუჯეტში ჩვენ ვხედავთ 500-დან 700 მილიონამდე ლარს, რომელიც უბრალოდ იფანტება; ამას ემატება სერიოზული კორუფციული ხვრელები, რომელიც ქვეყანაში არსებობს; ასევე, არაეფექტიანი ხარჯვა, შავი ჯიპების ხარჯი, და ა.შ. თუმცა ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღეს, შეგვიძლია, არსებული ბიუჯეტით დაახლოებით, 200 ლარით გავზარდოთ პენსია. რაც შეეხება პენსიის 1000 ლარამდე გაზრდას, ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ 4-5 წლის განმავლობაში პენსია მიუახლოვდეს 1000 ლარს. რატომ 1000 ლარი? ეს არის დაახლოებით, 60% დღევანდელი საშუალო ხელფასის და ნებისმიერ ქვეყანაში სტანდარტია, რომ პენსია საშუალოდ ხელფასის, დაახლოებით, 60% უნდა იყოს.
- და მაინც, ხუთი წლის თავზე საიდან მოგაქვთ ამდენი დამატებითი მილიარდი ბიუჯეტში? დღეს საპენსიო უზრუნველყოფის ბიუჯეტი 3,9 მილიარდი ლარია და პენსიის ოდენობა 315 ლარიდან 500 ლარამდე მერყეობს. თქვენი გუნდი კი გაორმაგებას ჰპირდება ამომრჩეველს ანუ დამატებით, მინიმუმ 6-7 მილიარდი ლარია საჭირო...
- სუვერენული ქვეყნისთვის ეს აბსოლუტურად არასერიოზული თანხაა.
- ჩემი კითხვაა - როგორ აჩენთ ამ თანხას? - ახალ ვალებს იღებთ თუ ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპს ეფუძნება თქვენი გათვლები?
- ჩვენი გათვლები დაფუძნებულია ეკონომიკის ზრდაზე. კარგ მაგალითს მოგიყვანთ - 2012 წელს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტი იყო 8 მლრდ ლარი, ახლა 28 მილიარდია ანუ 12 წლის განმავლობაში ჩვენი ბიუჯეტი 3.5-ჯერ გაიზარდა მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო, ორი წელი ჩაკეტილი იყო ქვეყანა და სტაგნაცია გვქონდა; რეალურად, ამ უმოქმედო, არაინვესტირებულ, არარეფორმირებულ ქვეყანაში, როცა კაპიტალის ბაზარი საერთოდ არ არსებობს, როცა ანაკლიის პორტის პროექტი გაჩერებულია, როცა ხარისხიანი პირდაპირი ინვესტიცია არ შემოდის ქვეყანაში, ბიუჯეტი 3.5-ჯერ გაიზარდა - ეკონომისტებმა არ გვისაყვედურონ, ხაზს გავუსვამ იმას, რომ რა თქმა უნდა, ინფლაციაც გათვალისწინებულია. ამდენად, უახლოეს 4-5 წელიწადში ბიუჯეტის ზრდა აბსოლუტურად ნორმალური ამბავია სწრაფი ეკონომიკური ზრდის პირობებში. საუბარი იმაზე, რომ ეს <1000-ლარიანი პენსია> არ გამოვა და როგორ აკეთებ, გამიკეთებია და გავაკეთებ... შეიძლება ახლა მითხრათ, რომ მე ბიზნესს ვაკეთებდი, მაგრამ დამერწმუნეთ, ბიზნესის კეთება საქართველოში გაცილებით რთულია, ვიდრე - პოლიტიკის, რადგან პოლიტიკაში არსებობს უამრავი მექანიზმი, ისე შეძლო ქვეყნის პოზიციონირება, რომ ინვესტიციების მოზიდვის სერიოზული ჰაბი გახდე; აღარ ვსაუბრობ საგადასახადო ბაზის გაზრდაზე - ვგულისხმობ საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებას; ასევე, აღარ ვსაუბრობ საფონდო ბირჟის განვითარებაზე, რომელიც საქართველოში გრძელვადიანი კაპიტალის მომზიდველი იქნება...
- რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური რისკების გათვალისწინებით, თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, დაახლოებით რამდენი პროცენტით უნდა გაიზარდოს ყოველწლიურად ეკონომიკა, რომ 2029 წლისთვის პენსია 1000 ლარი გახდეს?
- 1000-ლარიან პენსიაზე როდესაც ვსაუბრობთ, შუაში ბევრი მიმართულებით უნდა განხორციელდეს რეფორმები - ეს არის მიზანი და ამის მიღწევა რეალურია. ადამიანები, ვინც საუბრობენ, რომ არ გამოგვივა, მათ არაფერი გამოუვათ. ეს არაა ილუზიური ამბავი. ეკონომიკის როგორი ზრდა უნდა იყოს? - ორნიშნა ზრდა უნდა იყოს.
- ეს არ იქნება მარტივი...
- რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ თუ საქართველოს გადავაქცევთ სერიოზულ პლატფორმად, აქ დაისადგურებს გრძელი კაპიტალი და საქართველო ფუნქციას შეიძენს; დღეს ჩვენ ამის შანსი გვაქვს. რუსეთ-უკრაინის სამწუხარო ომის ფონზე, ჩვენ გაგვეხსნა ისეთი შესაძლებლობა, როგორიც 25 წლის წინათ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტი იყო - მაშინ იქნა არჩეული გზა, რომ რეგიონში სერიოზული მოთამაშე ვყოფილიყავით. დღესაც, პოტენციურად ვართ ანალოგიური მოთამაშე და იმ კაპიტალს, რომელიც ჩვენ გარშემო ტრიალებს, აუცილებლად სჭირდება დამაკავშირებელი.