ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მამუკა ხაზარაძის ოჯახის მიერ უძრავი ქონების გერმანიის ელჩისთვის გაქირავების და მის მიერ ქირავნობის გადასახადის გადახდის საკითხზე კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ მამუკა ხაზარაძის ოჯახმა შემოსავლების სამსახურს ამ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ მას შემდეგ მიმართა, რაც აღნიშნულის თაობაზე მედიის მიერ დაიწერა.
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ მამუკა ხაზარაძის ოჯახსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს შორის არსებულ საიჯარო ურთიერთობას, რომლის მოკვლევასაც შემოსავლების სამსახური აწარმოებს.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სიცრუეა ხაზარაძის და მისი თანაპარტიელების განცხადება, თითქოს მათ აღმოაჩინეს „ტექნიკური გაუგებრობა“ და თავადვე მოახდინეს ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების ანგარიშსწორება.
მამუკა ხაზარაძის ოჯახმა მხოლოდ მას შემდეგ მიმართა შემოსავლების სამსახურს საგადასახადო დეკლარაციების მოთხოვნით, რაც ჯერ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია მხარეებს შორის ხელშეკრულების არარსებობის თაობაზე, ხოლო შემდეგ შემოსავლების სამსახურმა დაიწყო საკითხის მოკვლევა.
ამ დროისთვის შემოსავლების სამსახურის მიერ, საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით გამოთხოვილია დოკუმენტაცია მათ შორის ხაზარაძის ოჯახისგან, ასევე გამოთხოვილია ინფორმაცია ნოტარიუსთა პალატისგან და საჯარო რეესტრიდან, რათა დადგინდეს, რეალურად არსებობდა თუ არა მხარეებს შორის ხელშეკრულება.
ამასთანავე, შემოსავლების სამსახურს ხაზარაძის ოჯახის მხრიდან გამოთხოვილი აქვს საბანკო ჩარიცხვების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რათა დადგინდეს, რეალურად რა ოდენობის შემოსავალი აქვს მიღებული გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისგან ხაზარაძის ოჯახს, რათა შემდგომში დადგინდეს ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესაბამისობა.
შემოსავლების სამსახური მოუწოდებს მამუკა ხაზარაძის ოჯახს, ითანამშრომლოს უწყებასთან და დროულად წარმოადგინოს ყველა ის დოკუმენტაცია, რაც აუცილებელია საკითხის სრულყოფილად შესწავლისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
ორშაბათს დილით შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც მათ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოკვლევა დაიწყეს. ამ განცხადებას დღის ბოლოს საპატიმრო დაწესებულებიდან უპასუხა მამუკა ხაზარაძემ, რომელიც განმარტავს, რომ აღნიშნულ საკითხზე მანიპულირება სრულიად უადგილოა, რადგანაც ქირავნობა ოფიციალურად რეგისტრირებულია, ხოლო დაბეგვრას რაც შეეხება გასულ კვირაში თავად მათ მიმართეს შემოსავლების სამსახურს გადასახადის ზუსტი ოდენობის დადგენის საკითხზე და გასულ კვირაშივე მოახდინეს მისი დაფარვა.




























