აუდიტორული და საბუღალტრო კომპანია Kreston Georgia-ს მმართველი პარტნიორი დავით პაპიაშვილი შემოსავლების სამსახურს მოუწოდებს იქამდე, რომ სანამ რომელიმე გადამხდელის მიერ შესაძლო დარღვევის არსებობაზე გაავრცელებენ განცხადებას, ჯერ მოკვლევა დაასრულონ.
საკითხი უკავშირდება შემოსავლების სამსახურის მიერ დღეს დილით გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც ისინი შეისწავლიან მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქირავნობის შეთანხმება გერმანიის ელჩთან იყო თუ არა გაფორმებული კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით და ხდებოდა თუ არა ხაზარაძის ოჯახის მიერ შესაბამისი გადასახადების გადახდა, რაც ქირიდან მიღებულ შემოსავლებს უკავშირდებოდა.
დავით პაპიაშვილი მიიჩნევს, რომ ეს შეიძლება არღვევდეს საიდუმლოების დაცვის ვალდებულებასაც, რაც შემოსავლების სამსახურს ყველა გადამხდელის წინაშე ეკისრება.
"შემოსავლების სამსახური - ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენი ეს განცხადება, შესაძლოა, პირდაპირ არღვევდეს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლს და კანონმდებლობაში არსებულ იმ დანაწესს რომელიც თქვენ საგადასახადო საიდუმლოების განუხრელად დაცვას გავალდებულებთ?
რამდენადაც მე მახსოვს პირადად მას არ უსაუბრია და არ გაუსაჯაროებია ინფორმაცია იმის შესახებ რომ კანონს არღვევდა და გადასახადებს არ იხდიდა. თუ ეს ასეა, ეს ნიშნავს, რომ თქვენ არ გაგაჩნიათ თანხმობა საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გასაჯაროებასთან დაკავშირებით, რაც შესაძლოა საგადასახადო საიდუმლოებისა და შესაბამისად კანონის პირდაპირ დარღვევაზე მიანიშნებდეს.
კანონის დარღვევა დროებით გვერდით რომ გადავდოთ, წერთ, რომ საკითხის ანალიზისას გამოვლინდა შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა, რის გამოც შემოსავლების სამსახურმა უკვე დაიწყო ფაქტების მოკვლევა და საკითხის სრულყოფილად შესწავლა.
აქ ერთი კითხვა მიჩნდება, ჯერ რომ დაასრულოთ ეს მოკვლევა და ასეთი განცხადებები მერე რომ გააკეთოთ უფრო სწორი ხომ არ იქნებოდა შემთხვევით?" - აღნიშნავს დავით პაპიაშვილი.
შემოსავლების სამსახურის განცხადება:
"მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩისთვის, ერნსტ პეტერ ფიშერისთვის სავარაუდოდ იჯარით გაცემისას, საგადასახადო ვალდებულებისგან შესაძლო თავის არიდების თაობაზე.
საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, აღნიშნული საკითხის ანალიზისას გამოვლინდა შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა, რის გამოც შემოსავლების სამსახურმა უკვე დაიწყო ფაქტების მოკვლევა და ინფორმაციის სრულყოფილად შესწავლის მიზნით გატარდება კანონით განსაზღვრული საგადასახადო კონტროლის ღონისძიებები", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც შემოსავლების სამსახურმა დღეს დილით გაავრცელა.
BMG-მ უწყების პრესსამსახურს მიმართა კითხვით თუ როდის დაასრულებენ შესაბამის მოკვლევას, სადაც გვიპასუხეს, რომ ამ მოკვლევაზე პასუხი დღეს, სავარაუდოდ, არ იქნება. შემოსავლების სამსახურში აღნიშნავენ, რომ მათ მიერ გავრცელებული განცხადება საგადასახადო საიდუმლოებასთან სრულ შესაბამისობაშია.




























