მამუკა მდინარაძე, რომელიც რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე უნდა დაინიშნოს არ გამორიცხავს, რომ ამ პოზიციაზეც დიდხანს არ მოუწიოს მუშაობა. ამის შესახებ მან TV პირველის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„არ გამოვრიცხავ, რომ ჩემი ამ პოსტზე ყოფნა დიდი ხანი არ იყოს. იქიდან გამომდინარე, რომ ამ შემთხვევაში, ჩემი მთავარი მისია გარკვეული საკითხების გამართვა, მენეჯმენტის დახვეწა, რელსებზე დაყენებაა. შემდეგ თუ უფრო მეტი გამოწვევა სხვაგან იქნება, შეიძლება იქაც გადავინაცვლო", - განაცხადა მდინარაძემ.
კითხვაზე - რატომ შექმნა მმართველმა ძალამ ახალი პოზიცია მისთვის, მაშინ როდესაც მდინარაძეს შეეძლო რეგიონული განვითარების მინისტრი ყოფილიყო, მან უპასუხა, რომ რეგიონული განვითარება სხვა საკითხია რეგიონული პოლიტიკა კი სხვა.
„როცა მეუბნებიან, აქ გვჭირდებიო, მართლა გულწრფელად მიხარია... ირაკლი კობახიძესთან ასეთი საუბარი მართლაც შედგა, დასამალი არაფერია - რომ გამოწვევა დღეს აქ არის და გამკლავება სჭირდებაო. პრემიერის აზრი თუ არის ის და მისი თქმით, არის, რომ ამ გამოწვევას ჩემზე კარგად ბევრი ვერ გაართმევს თავს, დიდი სიამოვნებით შევუდგები ყველა გამოწვევას და იმის შესრულებას, რა დავალებაც იქნება „ქართული ოცნების“ გუნდის, რომ რეგიონებში გავაძლიერო ბევრი იმ საქმის კეთება, რაც დაწყებულია, რომელსაც კიდევ უფრო მეტი მონდომება, სისტემურად კარგი მენეჯმენტი, ბიუროკრატიული ელემენტების შემცირება და ა.შ. სჭირდება. რწმუნებულებთან დავდივარ, საკითხებს საათობით გავდივართ და მგონია, რომ აქაც რაღაცას შევძლებ.
რეგიონალური პოლიტიკის წარმართვა სერიოზული პრიორიტეტია. ადამიანების აღქმაშიც კი რეგიონალური განვითარება სოციალურ, ტექნიკურ და მსგავს საკითხებთან ასოცირდება. ეს რეგიონალური პოლიტიკის წარმოებაში ერთ-ერთი შემადგენელი უნდა იყოს და არა ერთადერთი. ამიტომ, აქ რანგის აწევა გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო, რომ გარკვეულწილად რეგიონალურ საკითხებში, ყველა უწყება სახელმწიფო მინისტრთან და მის აპარატთან ურთიერთანგარიშვალდებულების ფორმატში იყოს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძე.
მან დასძინა, რომ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოზიციაზე 3 თვეში „გააკეთა და შეასრულა“ ის მისია, რაც ჰქონდა.
ცნობისთვის, 29 ივლისს ცნობილი გახდა, რომ მთავრობა 3 თვეში გააუქმებდა მამუკა მდინარაძისთვის შექმნილ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას და მისთვის სექტემბრიდან მთავრობის ახალი ადმინისტრაციული ერთეული -რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შეიქმნება. ამასთან, ამავე დღეს გაირკვა, რომ გაუქმდებოდა რეგიონული განვითარების სამინისტრო.




























