"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, გამორიცხულია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი იყოს. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, "ქართული ოცნება" 99%-ით არის ჩამოყალიბებული კანდიდატურაზე, რომელიც დიდი მსჯელობის შემდეგ შეირჩა.
"ლიდერებთან ეს იყო დიდი ბჭობისა და განხილვის საგანი, როგორი უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი. ბატონი ბიძინადან დაწყებული დამთავრებული „ქართული ოცნების“ რიგით ჯარისკაცამდე ყველას აზრია, რომ პირველი ნიშანი, რაც უნდა იყოს ისაა, რომ უნდა იყოს ეროვნული, ქართველი უნდა იყოს. არ ვგულისხმობ გენეტიკას, ქართველი უნდა იყოს სულით და გულით. სადღეგრძელოს არ ვამბობ, სულით და გულით ქართველი უნდა იყოს და უნდა იყოს ისეთი ადამიანი, ვინც ამას არასდროს არ გადაუხვევს. თუ ამას არ გადაუხვევს, მერე ყველაფერი ისე კარგად ლაგდება ხოლმე, თუ შენ შენი სამშობლო გიყვარს და სულით და გულით ქართველი ხარ, მთავარ პრინციპებს არ გადაუხვევ, არ მოემსახურები სხვა ქვეყანას, არ გახდები ვიღაცის წარმომადგენელი. რა თქმა უნდა, ბევრი თვისებაა საჭირო, მაგრამ პირველი ეს უნდა იყოს. ჩვენ ამით ვარჩევთ ჩვენს კანდიდატს და დიახ, შერჩეული გვყავს“, - თქვა მდინარაძემ.