მსოფლიოში ცნობილი საფეხბურთო კლუბი Manchester United-ი აცხადებს, რომ კორონავირუსმა კლუბი მნიშვნელოვნად დააზარალა, რადგან გამართული მატჩებიდან მიღებული შემოსავლები რეკორდულად შეუმცირა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ მიმდინარე წლის ივლისამდე Manchester United-ს თამაშების გამართვა გულშემატკივრების გარეშე უწევდა და შესაბამისად მატჩების დასწრებიდან მიღებულმა შემოსავალმა 89.8 მილიონი ფუნტი სტერლინგიდან 7.1 მილიონ ფუნტ სტერლინგამდე დაიკლო.
სამაგიეროდ, Manchester United-ი აცხადებს, რომ საფეხბურთო კლუბს შემოსავლები მატჩების სატელევიზიო ტრანსლაციიდან 81.7%-ით გაეზარდა და 254.8 მილიონი ფუნტი სტერლინგი შეადგინა ნაცვლად წინა წელს დაფიქსირებული 140.2 მილიონი ფუნტი სტერლინგისა, რამაც კლუბის შემოსავლების კლება ნაწილობრივ დააბალანსა.
გამოცემა წერს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საფეხბურთო კლუბის მთლიანი შემოსავლები 509 მილიონი ფუნტი სტერლინგიდან 494.1 მილიონ ფუნტ სტერლინგამდე შემცირდა.