მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მანიპულაცია, რასაც რიცხვების ჟონგლიორობით იყენებენ პროპაგანდისთვის" - როგორ აფასებს აკაკი ცომაია კობახიძის გამოსვლას

აკაკი ცომაია
27.06.25 19:40
756

ეკონომისტი აკაკი ცომაია ირაკლი კობახიძის დღევანდელი გამოსვლის ეკონომიკურ ნაწილს ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს არის მანიპულაცია, რასაც იყენებენ პროპაგანდისთვისა და ცრუ-რეალობის შესაქმნელად.

დღეს, "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოვიდა.

"მიმდინარე რეპრესიებისა და ავტორიტარიზმის განმტკიცების ფონზე არ ვიცი, რამდენად ღირს ყურადღების გამახვილება ივანიშვილის პრემიერის ივანიშვილის პარლამენტში გამოსვლის ეკონომიკური ნაწილის შეფასებაზე, მაგრამ ვფიქრობ აუცილებელია დავინახოთ კონტექსტი და მანიპულაცია, რასაც რიცხვების ჟონგლიორობით იყენებენ პროპაგანდისთვისა და ცრუ-რეალობის შესაქმნელად. მთლიანი გამოსვლის გარჩევა რომ დავიწყო, გადაგღლით და ბევრი არ წაიკითხავთ. მხოლოდ 2 მაგალითს მოვიყვან და მათივე პროპაგანდის სტილში, მანიპულირებულად ვუპასუხებ, რომ უფრო გასაგები იყოს რას აკეთებენ და როგორ აკეთებენ.

მაგალითი ერთი:

- ბოლო 3 წლის განმავლობაში დასაქმება 185,000 ადამიანით გაიზარდა - როგორ დამაჯერებლად ჟღერს. თითქოს მიგვანიშებს და უფრო მეტიც, ფაქტობრივად ამტკიცებს, რომ რაღაც სასწაული ხდება ეკონომიკაში. ამ ნარატივს მოჰყვება აყვავებული ქვეყნის ფართო სურათი, ფაქტობრივად, წალკოტი, რომელშიც ვცხოვრობთ და ვერ ვხედავთ.

ჩემი მანიპულაციური პასუხი:

- ჯერ კიდევ მიშას დროს, მაგალითად, 2009 წელთან შედარებით დასაქმებულთა რაოდენობა 208,000 ადამიანით შემცირდა და უფრო მეტიც, 1998 წელთან შედარებით 326,000-ით (თავად გადაამოწმეთ, თუ არ გჯერათ).

ალბათ მიხვდით, რომ მოყვანილი არგუმენტი საპნის ბუშტია და სხვა არაფერი.

მეორე მაგალითი:

- ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის დამსახურებით, ნახეთ როგორ იზრდება ეკონომიკა, ეს მოსახლეობის ცხოვრების დონეზე უმოკლეს პერიოდში აისახება.

ჩემი მანიპულაციური პასუხი:

- სხვათა შორის, 2004-2012 წლებში, ანუ მიშას პერიოდში, ეკონომიკა საშუალოდ, 6.2%-ით იზრდებოდა ყოველწლიურად. ხოლო, 2013-2024 წლებში, მხოლოდ 5.8%-ით იზრდება (გადაამოწმეთ, თუ ჩემი არ გჯერათ).

იმედია სტატისტიკას უკანა რიცხვით აღარ შეცვლიან, თუმცა, მოსახლეობის აღწერის შედეგების მერე გასაკვირი არაფერია",- წერს აკაკი ცომაია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები