მაქსიმალურ ძალისხმევას გამოვიჩენთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ და გავაძლიეროთ ქვეყნის სტრატეგიული დატვირთვა როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კუთხით, - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქმენეთში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ისტორიულად აქვს საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია და აღნიშნული როლი კიდევ უფრო მეტად არის გამოკვეთილი გარშემო მიმდინარე რთული მოვლენების ფონზე.
„საქართველოს ისტორიულად აქვს საკვანძო სატრანზიტო ფუნქცია. ჩვენ ისტორიულად ვაკავშირებდით ერთმანეთთან დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ევროპას და აზიას და, დღეს, ეს როლი კიდევ უფრო მეტად არის გამოკვეთილი იმ რთული მოვლენების ფონზე, რაც ჩვენს გარშემო ვითარდება. არაერთი კონფლიქტია ჩვენს გარშემო, ამ პირობებში, საქართველო არის ერთგვარი მშვიდობის კუნძული რეგიონში და შესაბამისად, საქართველო დღესაც ასრულებს განსაკუთრებულ როლს დაკავშირებადობის კუთხით, მომავალში კიდევ უფრო შეუძლია ქვეყანას ამ როლის გაძლიერება. ამისათვის ჩვენ ვაღრმავებთ პოლიტიკურ და სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს რეგიონის ქვეყნებთან და მოგეხსენებათ, არაერთი ვიზიტი შედგა, მათ შორის, ჩემი მონაწილეობით ამ მიზნით, ასევე, ეკონომიკის მინისტრს ჰქონდა გასული ერთი თვის განმავლობაში არაერთი ვიზიტი რეგიონის ქვეყნებში. სწორედ, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას ემსახურებოდა ყველა ეს ღონისიძება და ინიციატივა. მომავალშიც გავაგრძელებთ აქტიურად მუშაობას იმისათვის, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად ავითვისოთ. მათ შორის, დიდი ინვესტიციები იდება ინფრასტრუქტურაში, ეს არის საგზაო ინფრასტრუქტურა, პორტები, აეროპორტები და ა.შ. ყველა მიმართულებით, მაქსიმალურ ძალისხმევას გამოვიჩენთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ და ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო მეტად გავუძლიეროთ მისი სტრატეგიული დატვირთვა როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კუთხით“, - აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, გაეროს კონფერენცია ძალიან საინტერესო იყო და ხელისუფლებამ ეს ფორმატი ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად მაქსიმალურად გამოიყენა. მისი თქმით, კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ორმხრივი შეხვედრები რეგიონის ქვეყნების ლიდერებთან.
„საქართველო ათამდე ქვეყანას აკავშირებს შავ ზღვასთან, დასავლეთთან აქედან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანა სწორედ ამ კუთხით განსაკუთრებულ როლს ასრულებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო შესაბამის ქვეყნებთან, ჩვენს პარტნიორებთან ინფორმაციის ურთიერთგაზიარება და თანამშრომლობასთან დაკავშირებით ფართო მსჯელობის გაშლა. მონაწილეობა მივიღეთ პლენარულ სხდომაზე. გვქონდა გამოსვლის შესაძლებლობა და ასევე ამ ფორმატმა მოგვცა შესაძლებლობა, რომ ჩვენი რეგიონის ქვეყნების ლიდერებთან გაგვემართა ორმხრივი შეხვედრები. ასევე შეხვედრა გვქონდა გაეროს გენერალურ მდივანთან, სადაც საინტერესო საუბარი შედგა სხვადასხვა თემაზე. მთლიანობაში, ძალიან საინტერესო კონფერენცია იყო და მაქსიმალურად გამოვიყენეთ ეს ფორმატი ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად“, - განაცხადა კობახიძემ.




























