ქართული ოცნების მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთში, ქალაქ ავაზაში, გაეროს კონფერენციაში მონაწილეობს.
კონფერენციის მონაწილე ლიდერებს თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში მასპინძლობენ.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მეთაური კონფერენციის ოფიციალურ გახსნას დაესწრო, რომლის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ანტონიო გუტიერეშმა და სერდარ ბერდიმუჰამედოვმა.
"ირაკლი კობახიძე კონფერენციაზე დღეს სიტყვით გამოვა. პრემიერ-მინისტრი აქცენტს გააკეთებს საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე, ქვეყნის - როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი დერეფნის - როლზე, რომელიც ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყანას დაკავშირებადობის კუთხით მნიშვნელოვან შესაძლებლობებს სთავაზობს", - ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გაეროს კონფერენციის გახსნამდე სამიტის მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერებს სიტყვით მიმართა თურქმენეთის ეროვნულმა ლიდერმა, სახალხო საბჭოს თავმჯდომარე გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა.
ოფიციალურ ღონისძიებას ავაზას კონგრესცენტრში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დელეგაციასთან ერთად დაესწრო.




























