მთავრობის განკარგულებით, გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიეცა თანხმობა, გამოაცხადოს აუქციონი 20 წლამდე ვადით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე მარაბდის წყალსაცავზე კოოპერატივის გარდა, სხვა იურიდიულ პირზე ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის მიზნით, შემდეგი დამატებითი სანებართვო პირობებით - ნებართვის მფლობელი ვალდებულია:
- აუქციონის ჩატარებიდან ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს იჯარის ხელშეკრულების გაფორმება შპს საქართველოს მელიორაციასთან, რომლითაც, მათ შორის, განისაზღვრება საიჯარო თანხის გადახდასთან, წყალსაცავით სარგებლობის პროცესში წყალსაცავის ექსპლუატაციასა და კაშხლის უსაფრთხო ფუნქციონირებასთან, თევზის მოშენებისთვის, დამუშავებისა და დასაწყობებისთვის საჭირო დამხმარე სათავსებისა და მეურნეობის გაძღოლისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურის განთავსებასთან დაკავშირებული საკითხები.
- ასევე, ხელი არ შეუშალოს ადგილობრივ მოსახლეობას პირუტყვის დაწყურების მიზნით, წყალსაცავით სარგებლობაში.
ნებართვის მისაღებად აუქციონის წლიური საწყისი ფასი 8640 ლარით განისაზღვრა, აუქციონში მონაწილეობისთვის ნებართვის მაძიებელი იხდის ბეს საწყისი სააუქციონო ფასის 10%-ის ოდენობით.
ცნობისთვის, ექსტენსიური აკვაკულტურა არის წყალსაცავის ხელოვნურად გამრავლებული ქვირითით, ლარვით, ლიფსიტითა და ახალმოზარდეულით ბუნებრივი საკვები ბაზის ხარჯზე დათევზიანება, ამ წყალსატევში არსებული ბუნებრივი თევზის რესურსის აღწარმოების ხელშეწყობა და შემდგომ მისი ზრდის შედეგად თევზჭერა.




























