მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარიამ ჯაში საპარლამენტო უმრავლესობას და კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

5dcd50558ad1a
BM.GE
14.11.19 16:54
2672
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

"თითქმის სამი საათი გავიდა კენჭისყრის შემდეგ. მე გამოვიყენე დრო, რომ ჩემი გადაწყვეტილება არ ყოფილიყო ემოციურ ფონზე მიღებული, ასევე ჩემთვის ძალიან ბევრი კოლეგა და მეგობარი რჩება "ქართულ ოცნებაში" და მე ეს დრო გამოვიყენე, რომ მათთან მქონოდა გასაუბრება და ჩამეყენებინა ჩემი გადაწყვეტილების თაობაზე საქმის კურსში. მე ვტოვებ "ქართული ოცნების" უმრავლესობას და შესაბამისად ვტოვებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს", - განაცხადა ჯაშმა. 

ჯაშთან ერთად უმრავლესობას და პოსტს ტოვებენ პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი და დეპუტატები - დიმიტრი ცქიტიშვილი, ირინა ფრუიძე, თამარ ხულორდავა, სოფო ქაცარავა, ზაზა ხუციშვილი და გიორგი მოსიძე. 

შეგახსენებთ, რომ დღეს ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ჩააგდო. 

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად მმართველი გუნდის მიერ მომზადებულმა კანონპროექტმა დასამტკიცებლად პარლამენტში საკმარისი ხმა ვერ მოაგროვა. დოკუმენტი 101 ხმით 3–ის წინააღმდეგ ჩავარდა. კანონპროექტის პირველი მოსმენით დამტკიცებას 113 დეპუტატის ხმა სჭირდებოდა.

კანონპროექტის კენჭისყრისთვის რეგისტრაცია 141 დეპუტატმა გაიარა. 

ცნობისთვის: 20-21 ივნისის საპროტესტო აქციების შემდეგ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით გაიმართება, ნაცვლად 2024 წლისა. ამ ცვლილებასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის განხილვისას კი „ქართული ოცნების“ დეპუტატების ნაწილმა განაცხადა, რომ მათ ივანიშვილის ამ დაპირების შესრულება გადაიფიქრეს. კანონპროექტის კენჭისყრა პარლამებტში ორჯერ გადაიდო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები