მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს შეხვდა - რა განიხილეს

სს
18.07.25 20:48
1861

"ოცნების" მთავრობის ეკონომიკისა მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ალპარსლან ბაირაქტარს შეხვდა.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვრივიშვილმა ბაირაქტართან ენერგეტიკის სექტორში ორი ქვეყნის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, მსჯელობა შედგა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე. ამასთან, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ენერგეტიკა საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.

მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ნაყოფიერ თანამშრომლობას თურქ ინვესტორებთან მწვანე ენერგიის სფეროში - მხოლოდ გასული 5 წლის განმავლობაში, თურქული კომპანიების მიერ საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში განხორციელებული ინვესტიციები 150 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, ამ მიმართულებით საქართველოსა და თურქეთს თანამშრომლობის კიდევ უფრო დიდი პოტენციალი აქვთ.

„დავსახეთ ახალი გეგმები, თუ როგორ განვავითაროთ საერთო გეგმა-გრაფიკით არსებული ელექტროგადამცემი ხაზები იმისთვის, რომ გაიზარდოს ორ ქვეყანას შორის ელექტროენერგიის გამტარობა. ეს, რა თქმა უნდა, გაამყარებს ჩვენს ქვეყნებს შორის ვაჭრობის შესაძლებლობას და საქართველო გააუმჯობესებს როგორც ტრანზიტის, ისე ექსპორტის მაჩვენებლებს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ამჟამად საქართველოსა და თურქეთს ენერგეტიკულად 400-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი „მესხეთი" აკავშირებს, რომლის საშუალებითაც ორი ქვეყნის ენერგეტიკული სისტემები ექსპორტ-იმპორტს ახორციელებენ.

თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა ვანო ზარდიაშვილმა, ასევე თურქეთის ენერგეტიკული საწარმოების წარმომადგენლებმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები