მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მარკეტნიგულ აქტივობამდე მნიშვნელოვანია ღვინის ხარისხი გავაუმჯობესოთ" - მეღვინეობა

ღვინუკა

2023 წელს საქართველომ საექსპორტო ბაზრებზე 259 მლნ დოლარის 89 509 883 ლიტრი ღვინო გაიტანა. 2022 წელს უცხოეთში 252.5 მლნ დოლარის 101 662 064 ლიტრი ღვინო იყო გატანილი. ამასთან, 2023 წელს საშუალო ფასი 41 ცენტით არის გაზრდილი, თუ 2022 წელს ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი 2.48 დოლარი იყო, 2023 წელს ფასი 2.89 დოლარამდე გაიზარდა. ზოგადად კი საექსპორტო ფასი ბოლო წლებში შემცირებულია. მაგალითად, 2018 წელს საშუალო ფასი 3.14 დოლარი იყო.

TOP 10 ბაზარს შორის, ქართული ღვინის საშუალო ფასი ყველაზე დაბალი პოლონეთშია, ყველაზე მაღალი კი აშშ-ში. ფასის ზრდის მიუხედავად, ქართული ღვინო საერთაშორისო ბაზრებზე მაღალ საფასო სეგმენტში თავს ნაკლებად იმკვიდრებს. რა ფაქტორები განსაზღვრავს ქართული ღვინის ფასს და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საექსპორტო ბაზრებზე პროდუქტის ღირებულება გაიზარდოს? – BMG-ის ამ შეკითხვას მეღვინეობა „ღვინუკას“ დამფუძნებელი პასუხობს.

ზუკა მაისაშვილი განმარტავს, რომ იმ ბაზრებზე, სადაც ქართული ღვინო ყველაზე დიდი რაოდენობით იყიდება, პროდუქტს დაბალი ფასი აქვს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ხარისხი, რომელსაც ქართული ღვინო ვერ აკმაყოფილებს.

„ქართული ღვინო მასობრივად დაბალ სეგმენტზე იყიდება. ამის განმაპირობებელი ძირითადი ფაქტორი კი ის არის, რომ ექსპორტის 70% რუსეთზე მოდის. ექსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი ყაზახეთში, უკრაინასა და ჩინეთში ნაწილდება, ეს ქვეყნებიც დაბალი ფასის გადამხდელები არიან.

მეორე მხრივ, ხარისხობრივ მაჩვენებელზე, რომ ვისაუბროთ, თუ გავითვალისწინებთ ჩვენი ვენახების გეოგრაფიას, ჯიშურ მრავალფეროვნებას, ამ რაოდენობის ყურძნისგან მაღალი ხარისხის ღვინის წარმოება რთულია“, - აღნიშნავს „ღვინუკას“ დამფუძნებელი.

კითხვაზე - როგორ უნდა გაიზარდოს ქართული ღვინის ფასი, ზუკა მაისაშვილი პასუხობს, რომ აუცილებელია ქართული ღვინო, რაც შეიძლება მეტ საერთაშორისო გამოფენაზე იყოს წარმოდგენილი, ამასთან, მარკეტინგულ აქტივობამდე აუცილებელია ღვინის ხარისხი გაუმჯობესდეს.

„ვისურვებდი, ქართული ღვინო უფრო მეტად იყოს სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენის მონაწილე, თუმცა მარკეტინგამდე მნიშვნელოვანია ხარისხი გავაუმჯობესოთ. სუბსიდირების ნაწილში ვისურვებდი, რომ სუბსიდირება არა ყველასთვის, არამედ მხოლოდ იმ ფერმერებისთვის იყოს ხელმისაწვდომი, ვინც ხარისხზე აკეთებს აქცენტს, დაწესდეს მაჩვენებლები როგორც შაქრის შემცველობის, ასევე ვენახზე მოყვანილი პროდუქტის რაოდენობის მიხედვით. სწორედ ასე განისაზღვროს ხარისხიანი ყურძნის სუბსიდირება“, - განმარტავს მეღვინე.

„ღვინუკას“ დამფუძნებელი 2023 წელსაც აფასებს და როგორც ამბობს, რეალიზაციის კუთხით, კომპანიისთვის გასული წელი გამორჩეული იყო, რადგან მეღვინეობამ მოახერხა და 2022 წლის მარაგები სრულად გაყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები