მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარტში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ტრანზიტი გაიზარდა

6267a9ec8d36c
ნინო ტაბატაძე
26.04.22 12:53
2762
საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ ბაქო - თბილისი - ჯეიჰანის მილსადენით (BTC)  გადაზიდული ნავთობის მოცულობა გაიზარდა.

ნავთობისა და გაზის კორპორაციის მონაცემებით, მარტში მილსადენით 2.4 მლნ ტონა ნავთობი გადაიზიდა, რაც გასული წლის მარტის რეკორდული შედეგის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. წლიურად კი მაინც კლებაა. 2021 წლის მარტთან შედარებით კი, მილსადენის დატვირთვა 0.5 მლნ ტონით არის შემცირებული.

2022 წლის I კვარტალში 6.7 მლნ ტონა ნავთობის ტრანზიტი მოხდა.

ნავთობის ტრანზიტი BTC-ის მილსადენით / 2022 წლის I კვარტალი

•იანვარი - 2.3 მლნ ტონა
•თებერვალი - 2.0 მლნ ტონა
•მარტი - 2.4 მლნ ტონა

რაც შეეხება საქართველოზე გამავალ კიდევ ერთ - დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენს (WREP) ანუ ე.წ. ბაქო-სუფსის ნავთობსადენს, I კვარტალში მან 0.9 მლნ ტონა გაატარა.

ნავთობის ტრანზიტი WREP -ის მილსადენით / 2022 წლის I კვარტალი
•იანვარი - 0.4 მლნ ტონა
•თებერვალი - 0.3 მლნ ტონა
•მარტი - 0.2 მლნ ტონა

ჯამში, იანვარ-მარტში ორივე მილსადენით 7.6 მლნ ტონა ნავთობია გადაზიდული.

2021 წელს მილსადენებით საქართველოს გავლით 30.4 მლნ ტონა ნავთობის გადაზიდვა მოხდა; კლება 2020 წელთან შედარებით 1.4 მლნ ტონაა. ამასთან, 2021 წლის განმავლობაში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენში გატარებული ნავთობის მოცულობამ 26 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 2020 წელთან შედარებით 5%-ით ნაკლებია და ბოლო 10 წლის განმავლობაში მილსადენის დატვირთვის მინიმალური მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით საქართველო ეკონომიკური სარგებლის სახით წელიწადში 90-110 მილიონ ლარამდე შემოსავალს იღებს. მილსადენით ხდება, ძირითადად, აზერბაიჯანული და მცირე მოცულობებით თურქმენული და ყაზახური ნავთობის გადატანა.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი მსოფლიოში სიგრძით მეორე მილსადენია. მისი სიგრძეა 1768 კმ; აქედან 229 კმ საქართველოს ტერიტორიაზე გადის. მილსადენს აქვს 8 სატუმბი სადგური, მათ შორის ორი საქართველოში. ამ ნავთობსადენით ნავთობის ტრანსპორტირება 2005 წლიდან ხორციელდება.

დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენის მშენებლობა, რომელიც ბაქო-სუფსის ნავთობსადენის სახელითაა ცნობილი, საერთაშორისო ნავთობ-კონსორციუმის მიერ საქართველოში განხორციელებული პირველი ინვესტიციაა და 1999 წლიდან ფუნქციონირებს. დასავლეთის მარშრუტის საექსპორტო მილსადენის სიგრძე 830 კმ-ია, ხოლო დიამეტრი - 530 მმ. მისი საშუალებით აზერი-ჩირაგ-გიუნეშელის საბადოდან მოპოვებული ნავთობის დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, სუფსის ტერმინალში ტრანსპორტირება ხორციელდება.