მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მარტში ძროხის ხორცი წლიურად 17%-ით, ღორის კი 9.4%-ით გაძვირდა - როგორია დინამიკა?

ხორცი

"4.60 ლარად 10 კვერცხს გაყიდინებთ და საქონლის და ღორის რბილ ხორცს 0.5 კილოს გაყიდინებთ 10 ლარში", - ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, ყოფილა თუ არა ბოლო დროს თვითონ, ან თავისი ოჯახის წევრი ბაზარში, იმ ფონზე, როცა "ფასების კომისიის" მუშაობის პარალელურად პროდუქცია ძვირდება.

„გაძვირება ტყუილია, პირიქით, შენელებულია ინფლაციური პროცესები, მაგრამ ჩვენ ამით არ ვკმაყოფილდებით. ჩვენი ამოცანაა, ფასები შემცირდეს, რამდენადაც ეს შესაძლებელია. კომისია ამ კვირაში ამთავრებს მუშაობას, სამუშაო პროცესი მთავრობაში მომავალ კვირაში გვექნება და ამის შემდეგ, საბოლოო გეგმით წარვდგებით საზოგადოების წინაშე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ხორცის ფასის დინამიკა საქსტატის მონაცემებით

ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში ხორცის ფასი მზარდია. ხორცი და ხორცის პროდუქტების ჯგუფში მარტში ფასის 9.6%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ქვეყანაში იმ პროდუქტების ფასის საშუალო ცვლილებას, რომლის საფუძველზეც საქსტატი ინფლაციას ზომავს, სამომხმარებლო ფასების დეტალური ინდექსები აჩვენებს. უახლესი სტატისტიკა მარტის ჩათვლითაა ხელმისაწვდომი:

ძროხის ხორცის ფასი იანვრიდან მოყოლებული 10%-ზე მეტად იზრდება. უფრო დეტალურად, ძროხის ხორცი 2026 წლის იანვარში წლიურად 13.5%-ით გაძვირდა, თებერვალში მატება 15.3% იყო, ხოლო მარტში 16.7%. ძროხის ხორცის ფასი გაიზარდა თვის ჭრილშიც და მარტში, თებერვალთან შედარებით, 1.4%-იანი მატება იყო.

ღორის ხორცის ფასი 11%-ით გაიზარდა იანვარში, ფასის წლიური ზრდა 10.1% იყო თებერვალში, მარტში კი 9.4%. მარტში, თებერვალთან შედარებით, ფასი 0.8%-ით შემცირდა.

გაიზარდა ქათმის ხორცის ფასიც - წლიური მატება იანვარში 10.6% იყო, თებერვალში 9.4%, მარტში 6.6%. მატებაა თვის ჭრილშიც და მარტში, წინა თვესთან შედარებით, ზრდა 2% იყო.

ამასთან, მარტში წლიურად 14.5%-ით გაიზარდა ძროხის ხორცის ფარშის ღირებულება და 6%-ით გაძვირდა შებოლილი ხორცი.

რაც შეეხება კვერცხს, იანვარში ფასმა 10.1%-ით მოიმატა, ფასის წლიური ზრდა დაბალი იყო თებერვალსა (3.5%) და მარტში (2.1%), იმ ფონზე, რომ 6 თებერვალს მეფრინველეობის განვითარების ასოციაციამ („სავანეთი“, „დილა“, „კოდა“, „კუმისი“) მიიღო გადაწყვეტილება კვერცხის 5%-იანი გაიაფების შესახებ.

როგორია ხორცის მოხმარება საქართველოში?

Galt & Taggart-ის სოფლის მეურნეობის სექტორის კვლევის მიხედვით, ბოლო წლებში ქვეყანაში ხორცის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა.

თუ 2016 წელს საქართველოში ერთი ადამიანი დაახლოებით 37 კგ. ხორცს მოიხმარდა, 2024 წელს ეს მაჩვენებელი 51 კგ-მდე გაიზადა. მატების მიუხედავად, ევროკავშირთან შედარებით, საქართველოში ხორცის მოხმარება კვლავ დაბალი რჩება, რადგან 2024 წელს ევროკავშირში ხორცის საშუალო მოხმარება წელიწადში 79 კგ. იყო.

ხორცის მოხმარების ზრდის პარალელურად შემცირდა თვითუზრუნველყოფა. მაჩვენებელმა 46-დან 39%-მდე იკლო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები