2024 წლის მარტში ლარიზაციის მაჩვენებელი შემცირდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მარტის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55.20 პროცენტი შეადგინა, რაც წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, 0.55 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.26 პროცენტული პუნქტით).
ამასთან, სებ-ის მონაცემებით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 562.23 მლნ ლარით (1.93%-ით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 974.63 მლნ ლარით (4.22%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 2.99%-ით).
“რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2024 წლის მარტის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 8.84 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.27%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 15.21 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 5.19%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 3.95%-ით მეტი)”, - წერია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის,1-ელი მაისიდან იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც ეროვნულ ვალუტაში აქვთ შემოსავალი, სავალუტო კრედიტის გაცემის ქვედა ზღვარი 400 000 ლარამდე იზრდება. შესაბამისი გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა მიიღო. სებ-ის შეფასებით, მიუხედავად ბოლო წლებში დოლარიზაციის დონის შემცირებისა, ამ მიმართულებით რისკები კვლავაც რჩება.