მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარტში ხუთი, თებერვალში კი მხოლოდ ერთი ჯავშანი გვქონდა - საოჯახო სასტუმრო „ხვამლი 2002“

6245ee49e6568
ალა ისპირიანი
31.03.22 23:50
1438
ლეჩხუმში საოჯახო სასტუმროები ფაქტობრივად გაჩერებულია. როგორც Bm.ge-სთან ინტერვიუში სასტუმრო „ხვამლი 2002“-ის მეპატრონემ ნატო სილაგაძემ განაცხადა, მიმდინარე წლის მარტში ხუთი, ხოლო გასულ თვეს მხოლოდ ერთი ჯავშანი ჰქონდათ.

სასტუმროში ვიზიტორების შემცირებას პანდემიას და ომს უკავშირებენ. ნატო სილაგაძე ამბობს, რომ დაახლოებით ორი კვირის წინ ჯავშნები, საფრანგეთიდან და ავსტრალიიდანაც გაუქმდა.

2019 წელს მომატებული იყო ტურისტების რაოდენობა, ახლა კი ურთულესი სიტუაცია გვაქვს. ხუთამდე თანამშრომელი მყავდა დაქირავებული და ახლა ერთის საჭიროებაც აღარ არის. სასტუმროს განახლებაზე ლაპარაკი ზედმეტია. 2-3 წელი არაფერი გაგვიკეთებია. თუ გვინდა მთაში ბიზნესი განვითარდეს, სახელმწიფო ადგილობრივ მცირე მეწარმეებს უფრო ეფექტურად უნდა დაეხმაროს. მითუმეტეს ამხელა პანდემია გადავიტანეთ და ახლა კიდევ სამეზობლოში ომია, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს ტურიზმზე“, - განაცხადა ნატო სილაგაძემ.

მისივე თქმით, ლეჩხუმში პრობლემა გახდა მუშა-ხელის დაქირავებაც: „ტურისტები, რომ ჩამოვიდნენ, მუშახელის პრობლემაც გაჩნდება. ვისაც შრომა არ ეზარებოდა ემიგრაციაში წავიდა ან დიდ ქალაქებში დასაქმდა“.

ნატო სილაგაძე ამბობს, რომ ლეჩხუმში პრობლემაა ბუნებრივი აირიც.

„ნომრების გათბობა და ცხელი წყალი ელექტროენერგიის კომერციული ტარიფით, ხარჯებს ძალიან აძვირებს, რაც საოჯახო სასტუმროებისთვის დიდი გამოწვევაა. იქიდან გამომდინარე რომ ბუნებრივი აირი არ გვაქვს, ვფიქრობ მზის სადგურების განვითარება კარგი იქნებოდა. ეს მხოლოდ მე რომ გავაკეთო არსებობისათვის, ბანკიდან დამატებითი ვალდებულებების აღება მომიწევს და ამას ვერ ვიზამ, რადგან ახლაც ჯერ კიდევ ძველ სესხს ვიხდი. იქნებ მთიან რეგიონებში მცხოვრები მცირე მეწარმეებისთვის უფრო დაბალი ან უპროცენტო სესხი იყოს,“ - აცხადებს ნატო სილაგაძე.

ცნობისთვის, საოჯახო სასტუმრო „ხვამლი 2002“, ლეჩხუმში, 2013 წლიდან ფუნქციონირებს. სასტუმროში ერთი ღამის გათევა 70-დან 130 ლარამდე ღირს.

ლეჩხუმი ცაგერის მუნიციპალიტეტია, რომელიც დასავლეთ საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. ტურისტებს ამ მხარეში ძირითადად იზიდავთ: ხვამლის მთა; საირმის სვეტები; ასხის მასივი; ქულბაქის ტბები; ღვირიშის ჩანჩქერი; სოფელი ლაილაში; რაჩხის ჩანჩქერი; ვერძისთავის ჩანჩქერი.

რაც შეეხება კულტურულ ძეგლებს, ტურისტებს საშუალება აქვთ ნახონ: ლაილაშის დადიანების კომპლექსი და ეკლესია; გონის წმ. გიორგის ეკლესია; დეხვირის ციხე; ორბელის ციხე; მურის ციხე; ცხეთის წმ. გიორგის ეკლესია; ზუბის ციხე; თაბორის ფერისცვალების ეკლესია; ცაგერის წმ.მაქსიმე აღმსარებლის ეკლესია; სოფელ გვესის ბაზილიკა და სხვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები