მართვის მოწმობის გამოცდის ქალაქის გზებზე ჩასატარებლად 2018 წელს 9 მლნ დახარჯეს, არადა ცვლილება წელს უნდა ამოქმედდეს. წინაწარ დახარჯული თანხების შესახებ საუბარია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების მართვის 2017-2019 წლების სისტემური საკითხების შესაბამისობის აუდიტს ეხება.
აუდიტის სამსახური აღნიშნავს, რომ პრობლემაა არამხოლოდ არასაკმარისი კოორდინაცია უწყებებს შორის, არამედ ისიც, რომ რამდენიმე წლის წინ დახარჯულ 9–მილიონ ლარიან ინფრასტრუქტურას, რომელსაც არ იყენებენ, ცვეთისა და დაზღვევის ხარჯები ემატება, მეორე მხრივ კი მათ გასდის საგარანტიო ვადა.
აუდიტის ინფორმაციით, შესყიდულ ტექნიკურ საშუალებებზე დარიცხული ცვეთის და სადაზღვევო ხარჯების ღირებულებამ 2018 წლის ბოლოსთვის შეადგინა 1,243,090 ლარი, მათ შორის: ცვეთა − 1,194,124 ლარი და დაზღვევის ხარჯი − 48,966 ლარი.
“საქართველოს მასშტაბით, 2018 წლის 1 სექტემბრიდან სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების მისაღებად პრაქტიკული გამოცდა უნდა ჩატარებულიყო რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში. აღნიშნული ვალდებულება დეკლარირებული იყო როგორც ევროკავშირის დირექტივით, ასევე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2018 − 2020 წლების სამოქმედო გეგმით. პროექტის შეუფერხებელი დანერგვისათვის გათვალისწინებულ იქნა შემდეგი ღონისძიებების განხორციელება:
ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვა, აღჭურვა და საგამოცდო სისტემის პროგრამული უზრუნველყოფა;
ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარება 10 მუნიციპალიტეტში, რაც გულისხმობდა საგამოცდო მარშრუტებზე არსებული გზების კეთილმოწყობა (საგზაო ნიშნების და შუქნიშნების განთავსება);
საკანონმდებლო ბაზის ცვლილება.
ზემოაღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის მომსახურების სააგენტომ 2017-2018 წლებში თავდაპირველად შეისყიდა სატრანსპორტო საშუალებები, აღჭურვა შესაბამისი აქსესუარებითა და პროგრამული უზრუნველყოფით, რისთვისაც სულ გახარჯა 6,222,601 ლარი. აღნიშნული პერიოდისათვის არ იყო დასრულებული შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და საგზაო ინფრასტრუქტურა. 2019 წლის მონაცემებით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის გახარჯულია სულ 2,750,417 ლარი, თუმცა კვლავ არ არის დასრულებული საკანონმდებლო ბაზის ფორმირება, აგრეთვე − გარკვეული სამუშაოები რიგ მუნიციპალიტეტებსა და ქალაქებში”,– ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.




























