ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში ირაკლი კობახიძეს პასუხობენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო გადის "ერთგვარ მოსეს გზას", რომელიც აუცილებლად მიიყვანს ქვეყანას „"აღთქმულ მიწამდე". ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლისთავზე ძლიერ და ევროპულ საქართველოში აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად ცხოვრებაა.
ოკუპირებული აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო] დაბრუნების სურვილი საქართველოს მხრიდან არავის უკვირს, მაგრამ აფხაზეთის [დე ფაქტო] ამოცანაა, განავითაროს და გააძლიეროს სახელმწიფოებრიობა.
“მათ 30 წელია ჩვენი დაბრუნება უნდათ, კიდევ 300 წელი ენდომებათ, რა თქმა უნდა. ვის უკვირს ეს? ეს მათი საგარეო პოლიტიკური ამოცანაა და ჩვენთვის ახალი არ არის. აფხაზეთს აქვს საკუთარი ამოცანები, ეს არის დამოუკიდებელი სახელმწიფოს აშენება, მისი სახელმწიფოებრიობის განვითარება და გაძლიერება”, - განაცხადა შამბამ.
შამბას თქმით, აფხაზეთსა და საქართველოს შორის “ბევრი გადაუჭრელი პრობლემაა”.
“როცა ამის დრო დადგება, მაშინ განვიხილავთ, თუმცა ასეთ მზადყოფნას ვერ ვხედავთ, მაგრამ არ ვაპირებთ ამ სახელმწიფოსთან კონფედერაციის ან რაიმე სხვა ურთიერთობის საკითხების განხილვას”, – განაცხადა მან.
ირაკლი კობახიძეს ცხინვალშიც უპასუხეს. დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოსახლეობამ შეუქცევადი არჩევანი გააკეთა თავისი სუვერენული სახელმწიფოებრიობის ასაშენებლად და რუსეთის ფედერაციასთან მეგობრული ურთიერთობებისა და ინტეგრაციული კავშირების განმტკიცების სასარგებლოდ.
"ეს არის ძალიან სერიოზული ფაქტორები. საქართველოს ხელმძღვანელობის უუნარობა კი, გაუმკლავდეს მათ, არა მხოლოდ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ბატონ კობახიძის მიერ გახმოვანებული "ევროპული ოცნების" ასრულების ვადებს, არამედ შეიძლება გახდეს რეალური საფრთხე რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის. სამხრეთ ოსეთისთვის კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი საუბარი ე.წ. საქართველოსთან შეერთებაზე. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა არის სახელმწიფო, რომელმაც მოიპოვა თავისი დამოუკიდებლობა ქართულ ფაშიზმთან გრძელვადიან სისხლიან ბრძოლაში, გადაიხადა უზარმაზარი ფასი თავისუფლებისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.
დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლების პარალელურად, ირაკლი კობახიძეს გრიგორი კარასინმაც უპასუხა.
"ვერავინ აუკრძალავთ მსჯელობას იმაზე, თუ როგორ იცხოვრებს საქართველო 2030 წელს. მათ სურთ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთ სახელმწიფოში ცხოვრება, ან შესაძლოა სხვა სახელმწიფოებთან - ეს მხოლოდ მსჯელობაა. ახლა საქართველოს პრემიერისთვის მთავარია, კანონით განსაზღვრული იყვნენ ის ადამიანები, რომლებსაც არჩენენ უცხო სახელმწიფოები და ჩართულები არიან პოლიტიკურ და საინფორმაციო საქმიანობაში. ჩვენ აქედან უნდა ამოვიდეთ, დანარჩენი ეშმაკისეული მსჯელობაა", - აღნიშნა კარასინმა.
მისი თქმით, პოლიტიკოსებს აქვთ მსჯელობის უფლება და პრემიერ კობახიძესაც ასეთი უფლება აქვს.