მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მათ [კრიტიკულად განწყობილმა ბიზნესმა] ჩვენზე კარგად იციან, რომ სიმართლე არ არის მათ მხარეს - კობახიძე

ბიზნესთან შეხვედრა

"ქართული ოცნების" პრემიერი ამბობს, რომ ბიზნესის ნაწილი, რომელიც 28 ნოემბრის შემდგომ აქციებზე დაპატიმრებული პირების გამოშვებას და ხელახალ არჩევნებს ითხოვს არ არის გულწრფელი და მერკანტილური მიზნები ამოძრავებთ.

საქმე ის არის, რომ ქართული ბიზნესის ნაწილთან შეხვედრა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში 23 დეკემბერს დახურულ კარს მიღმა გაიმართა. ქართული ოცნების პრემიერის მიერ ორგანიზებულ დისკუსიას 100-მდე ბიზნესის წარმომადგენელი ესწრებოდა. შეხვედრის შემდეგ, ბიზნესმენების მხოლოდ მცირე, იმ ნაწილმა გააკეთა კრიტიკული კომენტარი, რომელიც freebusiness.ge-ის პლატფორმას და მის მოთხოვნებს აწერს ხელს. თუმცა, მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ შეხვედრაზე, კრიტიკული კითხვები დასვა თავად პროსახელისუფლებო ბიზნესმა. მათ შორის, ტელეკომპანია "იმედის" მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ, რაც თავადაც დაადასტურა.

ბიზნესის ნაწილის ღიად დაფიქსირებული პოზიციის შემდეგ, 26 დეკემბერს რამდენიმე სამთავრობო მედიასაშუალებამ (ტელეკომპანია „იმედი“, “რუსთავი 2“, „პოს-ტვ“) იმ კომპანიების მიერ რუსეთში განხორციელებული ექსპორტ-იმპორტის შესახებ გაავრცელა კონკრეტული ინფორმაცია, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ საგარეო კურსის შეცვლის გამო აკრიტიკებენ. გავრცელდა მხოლოდ ამ კომპანიების შესახებ მანიპულაციური ინფორმაცია.

კობახიძემ ამბავი დღესაც მხოლოდ რუსეთთან ვაჭრობის კონტექსტში დაინახა და თქვა:

„მე მქონდა მათთან დიალოგი უშუალოდ ამ შეხვედრის ფორმატში და მათ ასევე შევთავაზე ღია დისკუსიის გამართვა სატელევიზიო ფორმატში, პირდაპირ ეთერში, თუმცა მათ ამაზე თქვეს უარი. მათ აქვთ პირდაპირი კავშირები რუსეთთან ბიზნესის თვალსაზრისით, რაც ნორმალურია. ჩვენ გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან და ბიზნესიც არის ამაში ჩართული, მაგრამ როდესაც ერთი მხრივ აკრიტიკებ ხელისუფლებას რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკის გამო და თან შენ თავად ვაჭრობ რუსეთთან, ეს არის ორმაგი სტანდარტი. დახურული შეხვედრა მათთვის არის კომფორტული, რადგან შეიძლება, იქ რაღაცაში უსაყვედურო და ეს გარეთ არ გამოდის, მაგრამ მათთვის ძალიან მძიმე იქნება ასეთი კრიტიკის მოსმენა საზოგადოების წინაშე. იქ პირდაპირ გამოჩნდება, რომ სინამდვილეში მათი ორმაგი სტანდარტის უკან არის კონკრეტული პოლიტიკური ინტერესები. მათ ჩვენზე კარგად იციან, რომ სიმართლე არ არის მათ მხარეს. სინამდვილეში ისინი პოლიტიკურ განცხადებებს უერთდებიან არა გულწრფელად, არა საკუთარი გულწრფელი მოსაზრებები გამო, არამედ საკუთარი პოლიტიკური მიკერძოების გამო, რის უკანაც ხშირად შეიძლება, იდგეს ერთგვარი მერკანტილური გათვლები და ინტერესები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ "იმედის კვირაში".

"მანიპულაციური კამპანია და დეზინფორმაცია" - კომპანიების გამოხმაურება სამთავრობო მედიის კამპანიაზე

„თბილღვინოში“ სამთავრობო მედიის საინფორმაციო კამპანიას მანიპულაციურს უწოდებენ და აცხადებენ, რომ "2022 წლის შემდეგ, „თბილღვინოს“ რუსეთში ექსპორტი შეჩერებული აქვს. „ციფრები, რომლებიც მედიაში („რუსთავი-2“, „ტელეკომპანია იმედი, „პოს-ტვ“) იყო ნახსენები [„თბილღვინოს“ შემოსავალი რუსეთში ექსპორტიდან], მოიცავს 2022 წლის მარტამდე მონაცემებს და არის მანიპულაციური“, - აცხადებენ „თბილღვინოში“.

პროსახელისუფლებო ტელევიზიების მიერ გავრცელებულ მონაცემებს დეზინფორმაცია უწოდეს კომპანია PSP-ში, სადაც მიწოდების ჯაჭვის სტრუქტურაც ახსნეს. „სიმართლე არის ის, რომ ჩვენ ვაწარმოებთ ბიზნესს არა რუსეთთან, არამედ გერმანულ „ბაიერთან“, ფრანგულ „ლორეალთან“, ბრიტანულ „რეკიტ ბენკიზერთან“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომპანიების ექსპორტ-იმპორტზე მონაცემები, რომელსაც სამთავრობო მედია ავრცელებს, საგადასახადო საიდუმლოებაა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები