ჰავაის არქიპელაგის კუნძულ მაუიზე გაჩენილი მასშტაბური ხანძრის მსხვერპლი 55-მდე გაიზარდა. უცხოური მედიის ცნობით, ნავარაუდებია, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა კვლავ გაიზრდება.
მაუის შესაბამისმა უწყებებმა ხუთშაბათს ღამისთვის 19 ცხედრის აღმოჩენა მედიასთან დაადასტურეს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის, ჯოშ გრინის ცნობით, 1 000-მდე ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება. მისი თქმით, ასობით ადამიანი ხანძრის გამო საკომუნიკაციო არხების გარეშე დარჩა, თუმცა მათი გარდაცვლილად გამოცხადება ჯერჯერობით არ განიხილება, ვინაიდან მათ უსაფრთხოებაზე ცნობები ბუნდოვანია.
ქალაქ ლაჰაინაში გაჩენილი ხანძარი 1 700 შენობას მოედო, მისგან გამოწვეული ზარალი კი მილიარდებს აღწევს. მაუის მერის თქმით, ეს ისტორიული ქალაქი მთლიანად განადგურებულია.
ხანძრის კერები კუნძულ მაუიზე სამშაბათს ღამით გაჩნდა, რა დროსაც მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. დაბალმა ტენიანობამ, ძლიერმა ქარმა და ცეცხლის კერების მდებარეობამ სახანძრო ოპერაციები შეაფერხა.