„მცირე და საშუალო ბიუჯეტიან კერძო სკოლებში მოსწავლეთა გადინების მაჩვენებელი 30-40%-ია“, - ამის შესახებ გადაცემა „საქმიანი დილაში" სკოლის ლიდერთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ელზა ბადაშვილმა განაცხადა და იქვე დასძინა, რომ დაგროვილია სწავლის გადასახადის დავალიანებებიც, რაც სკოლების შემოსავლებს მნიშვნელოვნად ამცირებს.
„ძალიან ბევრი პრობლემა აქვს კერძო სკოლებს. ახალი ზუსტი სტატისტიკა ჯერ არ გვაქვს, თუმცა შიდა ინფორმაციაზე დაყრდნობით შემიძლია გითხრათ, რომ მოსწავლეების, დაახლოებით, 30-40%-მდე გადინებაა. ამასთან ერთად, არიან მშობლები, რომლებსაც არ უნდათ შვილების საჯარო სკოლაში გადაყვანა და დავალიანებები უგროვდებათ. ყველაზე მეტად ზუსტად ამ ფენას გაუჭირდა - ვინც საშუალო სეგმენტის სკოლებში დადიოდა.
ჩვენ ვერ ვხედავთ სახელმწიფოს მხრიდან მიდგომას, რომ შეინარჩუნონ მათ შორის რეგიონებში, ამ ტიპის კერძო სკოლები. აქ მოვიაზრებ, მაგალითად, ვაუჩერულ დაფინანსებას, თუ თქვენი შვილი კერძო სკოლაში შედის მისი ვაუჩერი 300 ლარია, თუ საჯაროში - 600 ლარი ან შეიძლება 900 ლარიც იყოს; ვფიქრობთ, ეს დისკრიმინაციულია, თუ ეს ვაუჩერულია, მოსწავლემ უნდა აიღოს და სადაც უნდა, იქ წაიღოს. იგივე ეხება მასწავლებლებისადმი მოთხოვნებს.
223 კერძო სკოლიდან, რომელიც ქვეყანაშია რეგისტრირებული, 114 თბილისშია, დანარჩენი - 50% დანარჩენ საქართველოში და თუ მათი რაოდენობა ისევ რეგიონებში შემცირდება, ცხადია, ცუდი შედეგის მომტანი იქნება", - აცხადებს ბადაშვილი.
ასოციაციის ინფორმაციით, საქართველოში დღეისათვის 223 კერძო სკოლა ფუნქციონირებს, სადაც 60 000 მოსწავლე სწავლობს, დასაქმებული პედაგოგების რაოდენობა კი 7 200-ია.