მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მცხეთაში „შოკოლადის ქვევრის“ სახელოსნო ამოქმედდება - ინვესტიცია ₾60 000

61b8bb21babde
ვიქტორია მღებრიშვილი
16.12.21 09:00
3187

ღვინის მწარმოებელი კომპანია „ლოლაძის საოჯახო მეღვინეობა“ 2022 წლის იანვრიდან „შოკოლადის ქვევრის“ საწარმოს ამოქმედებას გეგმავს.

„შოკოლადის ქვევრის“ იდეის ავტორებმა 2019 წლიდან კომპანია Mouth Melters Group-ი დააფუძნეს და ამავე წელს, ამავე ბრენდით განსხვავებული ფორმის შოკოლადის წარმოება აუთსორსზე დაიწყეს. BM.GE-სთან საუბრისას „შოკოლადის ქვევრის“ ერთ-ერთი ავტორი აღნიშნავს, რომ  პანდემიური პერიოდის გამო წარმოება შეჩერდა და სულ რაღაც 10 დღის წინ კვლავ აუთსორსზე განახლდა.

„რადგან ქვევრი ქვეყანაში არამხოლოდ მეღვინეობაში, არამედ ქართველების იდენტობის განმსაზღვრელია და შოკოლადი ასე თუ ისე მოთხოვნადი პროდუქტია, გადავწყვიტეთ, რომ „შოკოლადის ქვევრი“ საინტერესო პროდუქტი იქნებოდა. ამ ეტაპზე დღიურად აუთსორსზე, დაახლოებით, 150-200 ცალი შოკოლადის ქვევრი იწარმოება და მიმდინარე წლიდან შეცვლილი დიზაინით Mouth Melthers-ი "8000 მოსავალსა", ღვინის გალერეაში და ონლაინ არხებით იყიდება. დამატებით სარეალიზაციო ობიექტებს დღეისთვის საწარმოო მოცულობებიდან გამომდინარე, შეგნებულად არ ვითვისებთ, თუმცა სარეალიზაციო არეალის გაფართოებას 2022 წლის დასაწყისიდან მას შემდეგ შევძლებთ, რაც საკუთარ წარმოებას ავამოქმედებთ და მოცულობებს გავზრდით“, - განმარტა ერეკლე ლოლაძემ.

Mouth Melters-ის შოკოლადის ქვევრზე ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ ძმებმა გიორგი და ერეკლე ლოლაძეებმა პირადი - 60 000 ლარის ინვესტიციით, მცხეთაში, სოფელ მისაქციელში ღვინის მარნის გვერდით, საკუთარი შოკოლადის სახელოსნოს ამოქმედება გადაწყვიტეს, სადაც დაახლოებით, 10-მდე ადამიანი დასაქმდება.  დღეისთვის Mouth Melters-ის 3 სახის რძიანი, 54.5%-იანი და 70.5%-იანი და შავი შოკოლადის შეძენაა შესაძლებელი, მომავალი წლიდან კი მწარმოებელი ასორტიმენტის გაზრდას აანონსებს.

„ვფიქრობთ, საწარმოს ამოქმედების შემდეგ დღეს არსებული 3 სახის შოკოლადის ნაცვლად 6 სახეობის შოკოლადის ქვევრის წარმოებას შევძლებთ. ეს იქნება საწარმო-სახელოსნო, რომელიც წარმოების მაღალ სტანდარტებს უპასუხებს. სახელოსნო, დაახლოებით, 10 ადამიანს დაასაქმებს და დღეში 1 000-მდე შოკოლადის ქვევრის წარმოება შეგვეძლება. პროექტს ჩვენი რესურსით, დაახლოებით, 60 000 ლარით ვახორციელებთ“, - აღნიშნა გიორგი ლოლაძემ.

Mouth Melters-ის თანადამფუძნებელმა ისიც აღნიშნა, რომ დღეისთვის საერთაშორისო ბაზრებზე ინფლაციური პროცესების გამო შოკოლადის შესყიდვისა და ტრანსპორტირების ხარჯები, დაახლოებით, 40%-ით არის გაზრდილი, შესაბამისად, მათი წარმოების მაღალი ხარისხის პროდუქტის ღირებულებაც 2019 წელთან შედარებით გაზრდილია. დღეს 1 შოკოლადის ქვევრის ფასი 9 ლარია.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები