მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მცხეთის იუსტიციის სახლი, საქპატენტი, მერია - გენგეგმა ამ სამი შენობის მომავალს განიხილავს

61f28c39e8497
დავით ჯალაღონია
27.01.22 18:02
2159
მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ორგანიზაციამ, ამხანაგობა "აქოლისმა", გენგეგმის კონცეფციაზე მუშაობა გასულ წელს, აპრილში დაასრულა და ნამუშევარი მუნიციპალიტეტს განსახილველად და დასამტკიცებლად გადაუგზავნა.

აღნიშნული კონცეფცია ისტორიული ქალაქის განვითარების არაერთ ასპექტს მოიცავს, მათ შორის, უკვე არსებული შენობა-ნაგებობების მცხეთაში დატოვება/დემონტაჟის საკითხიც არის განხილული.

მაგალითად, კონცეფციის დღეს არსებული ვერსიის დამტკიცების შემთხვევაში, იუსტიციის სახლის ნაწილობრივ აშენებული ნაგებობა შესაძლოა, დემონტაჟს დაექვემდებაროს. გარდა ამისა, გენგეგმის ავტორები "საქპატენტისა" და მერიის უკვე მოქმედი შენობების დემონტაჟსაც განიხილავენ. აღნიშნული ნაგებობები სვეტიცხოვლის ტერიტორიასთან, ნაარაგვალზეა განთავსებული.

"სახელდობრ, გადაუდებელია იუსტიციის სახლისა თუ სხვა მშენებლობაშეწყვეტილი ობიექტების კარკასების დაუყოვნებლივ დემონტაჟი. შემდეგი რიგის ამოცანად განიხილება სამხარეო პოლიციის შენობის მაქსიმალური შენიღბვა ლანდშაფტური და "მწვანე არქიტექტურის" ხერხებითა და წინამდებარე პროექტის ფარგლებში შესამუშავებელი განაშენიანების მართვის რეგლამენტისა და გდგ-ის მიერ შეთავაზებული კოლორისტული გადაწყვეტით, მათ შორის, ბუნებრივი გამწვანების ზოლის მოწყობით სვეტიცხოვლის მხარეს.

ნაარაგვალზე საქპატენტის შენობის ბედი დამოკიდებულია პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე - ამ ფუნქციის დედაქალაქში დაბრუნების თვალსაზრისით, რასაც მოჰყვება შენობის დემონტაჟის წინადადება გრძელვადიან პერსპექტივაში. ამ იდეის განსამტკიცებლად გენერალურ გეგმაში საქპატენტის არსებულ შენობას მიენიჭება შეუსაბამო ობიექტის სტატუსი.

მუნიციპალური სამსახურები, მათ შორის, მერია, შესაძლოა, გადანაცვლდეს "ახალ მცხეთაში", აითვისოს სამხარეო ფუნქციების მატარებელი ობიექტები და სპეციალურად აშენებული ახალი შენობები ან ადაპტირებული ობიექტები. ამასთან დაკავშირებით, რეკომენდებულია მცხეთაში ახალი ობიექტების პროექტებზე, მათი საკუთრების ფორმის განურჩევლად, ტარდებოდეს კონკურსები, რომლის პროგრამა-პირობები შეთანხმებული იქნება საერთაშორისო ძეგლთადაცვით ორგანიზაციებთან", - ნათქვამია მცხეთის გენგეგმის კონცეფციაში.

რამდენად გაითვალისწინებს მცხეთის მუნიციპალიტეტი ამ შენობებთან დაკავშირებით კონცეფციაში არსებულ ჩანაწერს, უცნობია.

შეგახსენებთ, რომ მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მუნიციპალიტეტს ეს დოკუმენტი ჯერ კიდევ არ დაუმტკიცებია.

იმის გასარკვევად, რატომ არ დაამტკიცა მცხეთის საკრებულომ კონცეფცია ამ დრომდე, BM.GE საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ელოშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განმარტა, რომ ორ საკითხზე გენგეგმის ავტორებთან ვერ თანხმდებიან. ეს არის ქალაქში გასხვისებულ მიწის ნაკვეთებზე მშენებლობის უფლება და მცხეთის შემოსასვლელებთან კარიბჭეების განთავსება, რასაც გენგეგმის კონცეფცია ითვალისწინებს. კარიბჭეები შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობასაც მოიაზრებს. ნაკვეთებს რაც შეეხება, მოსახლეობის ნაწილს ტერიტორიები აქვს ასევე, სამთავროს მონასტრის მიმდებარედ, სადაც მშენებლობა იუნესკოს (გაერო-ს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია) წესებითაც დაუშვებელია.

გიორგი ელოშვილის ინფორმაციითვე, ამ საკითხებზე, თებერვალში გენგეგმის ავტორებთან შეხვედრა იგეგმება, სადაც სავარაუდოდ, გაირკვევა, მოსაწონი იქნება თუ არა დოკუმენტი მუნიციპალიტეტისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები