უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი უკრაინაში არსებული საომარი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, რუსეთი შეტევას სამხედრო ინფრასტრუქტურასა და აეროდრომებზე ახორციელებს. ამასთან გენშტაბს მიაჩნია, რომ მდგომარეობა „კონტროლირებადია“, ხოლო ოდესაში რუსული დესანტის განთავსების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.
გთავაზობთ უწყების განცხადებას სრულად:
„დღეს, 24 თებერვლის 5 საათზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალებმა აღმოსავლეთით ჩვენს დანაყოფებს ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს, ასევე ბორისპოლში, ოზერნოში, კულბაკინში, ჩუგაევში, კრამატორსკში, შერნობაევკში არსებულ აეროდრომებზე და უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ობიექტებზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. იმავე დროს აგრესორმა სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ ტერიტორიების და უკრაინის დასახლებული პუნქტების მიმართულებით საარტილერიო ცეცხლი გახსნა.
უკრაინის შეიარაღებული საჰაერო ძალები თავდამსხმელის საჰაერო შეტევებს იგერიებენ. სახელწმიფოს თავდაცვის ძალები სრულ მზადყოფნაში არიან, დაიკავეს და ინარჩუნებენ თავდაცვით პოზიციებს. მდგომარეობა კონტროლირებადია.
ოდესაში რუსეთის სამხედრო ძალების დესანტირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. ერთად გავიმარჯვებთ!“
შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლის დილას რუსეთი პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავის სპეციალურ მიმართვაში დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის შესახებ განაცხადა. უკრაინაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. უკრაინის საზღვარი გადაკვეთეს რუსეთის სახმელეთო სამხედრო ძალებმაც. დილიდან აფეთქებების ხმა ისმის ხარკოვსა და კიევში.




























