მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მდინარე კინტრიშზე კიდევ ორ ჰესს ავაშენებთ - ოლეგ ოსინოვსკი

61a0af807d295
შოთა ტყეშელაშვილი
27.11.21 00:00
1668
ესტონელი ბიზნესმენის, ოლეგ ოსინოვსკის მიერ დაფუძნებული “ჰიდრო დეველოპმენტ კომპანი” საქართველოში მდინარე კინტრიშზე კიდევ ორ მცირე ჰესს ააშენებს. ამის შესახებ ოსინოვსკიმ Forbes Talks-ის ფორმატში გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში განაცხადა.

ოსინოვსკის კომპანია “სქაინესთ ჰიდროს” ქართულმა შვილობილმა, მდინარე კინტრიშზე 6-მეგავატის სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური 2017 წლის აგვისტოში გახსნა. პროექტის საინვესტიციო მოცულობა $17 მილიონამდე იყო.

ამასთან, ოსინოვსკი განმარტავს, რომ მისი კომპანია ენერგეტიკაში ინვესტიციებს ბალტიის ქვეყნებშიც ახორციელებს.

"ენერგეტიკის მიმართულებით ინვესტირებას მხოლოდ საქართველოში არ ვაკეთებთ; ჩვენ ბალტიისპირეთში ქარისა და მზის სადგურები გვაქვს. საქართველოში ჰიდროელექტროსადგური კინტრიშზე გვაქვს, რომელიც ძალიან წარმატებულად მუშაობს. სახელმწიფოსთან ახლახან, მგონი, უკვე მოვაწერეთ ხელი მემორანდუმს, ან სადაცაა მოვაწერთ; მე არ ვარ ასეთ დეტალებში სრულად ჩართული. მემორანდუმი კინტრიშზე კიდევ ორი სადგურის აშენებას გულისხმობს.

ამ ეტაპზე ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება მიმდინარეობს. ვფიქრობთ, 40 მეგავატამდე იქნება. გამოვიკვლევთ, ვნახავთ, შეიძლება თუ არა, ასეთი მასშტაბი იყოს, შესაძლოა, მხოლოდ 20 მგვტ იყოს ან 120. ვნახოთ, რას აჩვენებს გამოკვლევები. მე მჯერა საქართველოს ენერგეტიკის; მე ზოგადად მჯერა ენერგეტიკის და განსაკუთრებით საქართველოში. როცა ქვეყანა ელექტროენერგიის იმპორტიორია და 26 ათასი მდინარე აქვს... საქართველოს შეუძლია თავად იყოს ელექტროენერგიის ექსპორტიორი და მხოლოდ ამის შემოსავლით ცხოვრობდეს,”- ამბობს ოლეგ ოსინოვსკი.

ბიზნესმენმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირა “ნამახვანჰესის” პროექტთან დაკავშირებითაც, რომელიც 2021 წლის სექტემბერში მრავალთვიანი პროტესტის და მთავრობის მხრიდან კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადებული მორატორიუმის შედეგად შეჩერდა. ოსინოვსკი მიიჩნევს, რომ პროექტის შეჩერების მთავარი მიზეზი ელექტროენერგიის იმპორტიორების და პოპულისტების მხრიდან წარმოებული აგრესიული საინფორმაციო კამპანია იყო, რის შედეგადაც $800-მილიონიანი პროექტი გაჩერდა.

“თუ შევაჯამებთ, ეს არის ტერორისტული ჯგუფი, კლასიკური ტერორისტები, რომლებიც მოდიან და საზოგადოებისგან რაღაცას ითხოვენ... აი, მაგალითად, პირობითად, ეგოისტი ბებია ამბობს, რომ საერთოდ არ აინტერესებს, თუ ელექტროენერგიას ვყიდულობთ სხვა ქვეყნებისგან და ამით ამ ქვეყნებში სამუშაო ადგილებში ინვესტირებას ვაკეთებთ, მე არ მაინტერესებს. მე მინდა, ჩემს სოფელში, პატარა სახლში ვიცხოვრო, მიუხედავად იმისა, რომ ინვესტიციების გარეშე იქ ცხოვრება შეუძლებელია და უკვე ყველა გადასახლდა. მაგრამ ამბობს, რომ მას ასე უნდა და არ აინტერესებს დანარჩენი საქართველო და ფიქრობს, რომ არაფერია, თუ მასწავლებელი, მაგალითად, აზერბაიჯანს გადაუხდის ფულს ელექტროენერგიისთვის. ეს არის წმინდა წყლის ეგოიზმი. მეორე არის იმ ხალხის კატეგორია, რომლებიც ასეთ თემებზე პიარს იკეთებენ და წვავენ ხეებს იმისთვის, რომ კოცონთან გათბნენ, რომლებისთვისაც მთავარია, იყოს მიზეზი და მზად არიან იმაზე ააგონ პიარკამპანია, რომ რაღაცებს იცავენ. და, რა თქმა უნდა, ძირითადია ის ხალხი, ვისაც იმპორტიორები აფინანსებენ.

მე ასე ვიტყოდი: ეს იმპორტიორებთან, პოპულისტებთან და ეგოისტებთან წაგებული ომია. იმიტომ რომ არგუმენტები, რომლებიც იქ ისმის... აი, მაგალითად წყალსაცავი, ტბა ფაქტობრივად, რომელიც ამ პროექტის მიხედვით უნდა გაკეთებულიყო, თუკი კაშხალი მოეწყობოდა, ამბობდნენ, რომ კლიმატს გააუარესებს. ადამიანების 99%-ს წყლის გვერდით ცხოვრება უნდა. ადამიანები საკუთარი სახლის ეზოებში აუზებს აკეთებენ, წყლის გვერდით ცხოვრება ყველას უნდა და მათი არგუმენტია, რომ მათ ეს არ სურთ. ან, მაგალითად, ამბობენ, რომ კლიმატი შეიცვლება. კარგია, რომ შეიცვლება, უკეთესობისკენ შეიცვლება. რა თქმა უნდა, ნებისმიერი კაშხალი აუმჯობესებს მდინარის ეკოლოგიას, იმიტომ რომ, როცა თოვლი დნება და არის წვიმები, მდინარე საკუთარ კალაპოტს სცდება და ანადგურებს სახლებს, ადამიანებს, თევზებს და ყველაფერ დანარჩენს. კაშხლის არსებობის შემთხვევაში წყლის დინება არის თანაბარი და, რა თქმა უნდა, ეს მდინარისთვის არის უკეთესი. ამაში საკამათოც არაფერია. ანუ იქ არც ერთი პრაგმატული არგუმენტი არ არის,”- ამბობს ოლეგ ოსინოვსკი.

ოლეგ ოსინოვსკი, საქართველოში მსხვილ პროექტებს ახორციელებს სხვადასხვა პროექტებში, მათ შორის, მის საინვესტიციო ჰოლდინგს ეკუთვნის “თბილისი ჰილსის” პროექტი, რომელიც თბილისის მახლობლად, გარდაბანში 331 ჰექტარის უძრავ ქონებას მოიცავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები