"ჩვენთვის გაუგებარია მსგავსი ტიპის მიკროგადაწყვეტილებები" - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის, განცხადების საპასუხოდ მედიასთან ისაუბრა. ჰერჩინსკიმ დღეს განაცხადა, რომ EU-მ საქართველოს სამხედრო ძალებისთვის გამოყოფილი 30,000,000-ევროიანი დახმარება გაყინა.
"მსგავსი ტიპის ფინანსური დახმარებები ემსახურებოდა და ემსახურება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და იმ შესაძლებლობების განვითარებას, რომლითაც ქვეყანამ საფრთხეებს უნდა აარიდოს თავი. ჩვენთვის გაუგებარია მსგავსი ტიპის მიკროგადაწყვეტილებები, რადგან გამოწვევები უსაფრთხოების თვალსაზრისით, მათ შორის ოკუპაცია, არსად წასულა. საქართველოს კიდევ უფრო მეტად სჭირდება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება იმისთვის, რომ უფრო უკეთ შევძლოთ საფრთხეებთან გამკლავება.
იმედი გვაქვს, რომ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები მალე დაუბრუნდება პირვანდელ ნიშნულს და გავაგრძელებთ Eu-სთან ამ მიმართულებით თანამშრომლობას. ვფიქრობ, ზოგადადაც, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა დაფუძნებულია ასოცირების ხელშეკრულებაზე, ყველას გვაქვს ჩვენი ნაკისრი ვალდებულებები, რომლებსაც თანმიმდევრულად, ლოგიკურად ვასრულებთ. მე არ გამოვიყენებდი ასეთ ძალიან მკაცრ შეფასებას, როგორც ევროკავშირის ელჩს ჰქონდა. ვფიქრობ, ეს არის მიკროდონეზე მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც ვერანაირად ვერ შეაფერხებს საქართველოს სწრაფვას ევროპული ინტეგრაციისკენ", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში დღეს განაცხადა, რომ საქართველო ევროპული სამშვიდობო ფონდიდან (EPF) მილიონობით ევროს ვეღარ მიიღებს. მისი თქმით, 30 მლნ ევრო, რომლის გადარიცხვაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის იგეგმებოდა, გაყინულია.
რას უნდა მოხმარებოდა €30 მლნ, რომელსაც "რუსული კანონის" გამო, EU-სგან ვეღარ მივიღებთ