მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას უნდა მოხმარებოდა €30 მლნ, რომელსაც "რუსული კანონის" გამო, EU-სგან ვეღარ მივიღებთ

ევროკავშირი

საქართველო ევროპული სამშვიდობო ფონდიდან (EPF) მილიონობით ევროს ვეღარ მიიღებს. როგორც ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, 30 მლნ ევრო, რომლის გადარიცხვაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის იგეგმებოდა, გაყინულია. ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებასთან ერთად, ეს ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია, რაც ევროკავშირმა საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების საპასუხოდ გადადგა.

EPF-დან საქართველოსთვის 30 მილიონი ევროს გამოყოფაზე გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ 2023 წლის მაისში მიიღო. თავდაპირველი გეგმით, თანხა 3-წლიან პერიოდს დაფარავდა და მოხმარდებოდა საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებისთვის არალეტალური აღჭურვილობის, მარაგებისა და მომსახურების დაფინანსებას, მოთხოვნის შემთხვევაში, ტექნიკური მომზადების ჩათვლით. უფრო დეტალურად, მოიაზრებოდა საინჟინრო, ბრძანება-კონტროლის, სამედიცინო, ლოგისტიკის და კიბერთავდაცვის აღჭურვილობა.

აღნიშნული 30 მილიონი ევროს ჩათვლით, 2021-2023 წლებში, EPF-დან საქართველოსთვის ჯამურად 62.75 მილიონი ევრო გამოიყო:

  • 2021 წლის დეკემბერში - €12.75 მლნ;
  • 2022 წლის დეკემბერში - €20 მლნ;
  • 2023 წლის მაისში - €30 მლნ.

ევროპული სამშვიდობო ფონდი (EPF) ევროკავშირის დაფინანსების მექანიზმია, რომელიც 2021 წლის მარტში მშვიდობის შენარჩუნების, კონფლიქტების თავიდან აცილებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების გასაძლიერებლად შეიქმნა. მისი ბიუჯეტი 2021-2027 წლებისთვის 17 მილიარდ ევროზე მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები