მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მედია ემსახურება მოქალაქეს“ – ანა ნაცვლიშვილი

ანა ნაცვლიშვილი

„მედიის ცენზურა თუ ვინმეს აზიანებს, პირველ რიგში, აზიანებს მოქალაქეს“ – ამის შესახებ ლელოს წარმომადგენელმა ანა ნაცვლიშვილმა „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„ანალიტიკა“–ს თემა მაუწყებლობის შესახებ კანონში დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებები გახდა, რომლებმაც თვისებრივად შეცვალა მედიის რეგულირების თემა და დიდწილად, ის თვითრეგულირების სფეროდან კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის განსჯას დაუქვემდებარა.

„მედია ემსახურება მოქალაქეს – მოქალაქეს, რომელიც სახლში მიდის დაღლილი და ხვალინდელი დღისთვის ცდილობს ძალები მოიკრიბოს – რომ ის კარგად იყოს ინფორმირებული იმის შესახებ, თუ სად და რაში დაიხარჯა მის მიერ შექმნილი დოვლათი, რომელიც ბიუჯეტში მიდის და ის, რა სიკეთეს მიიღებს ამათუ იმ რეფორმისგან ან ხომ არ ხდება ისე, რომ მისი გადასახადები არამიზნობრივად ან კორუფციული გზებით იხარჯება“ – ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

პოლიტიკოსის თქმით, პრობლემა არის ის, რომ ცალკე აღებული კანონის ტექსტი არც კარგია და არც ცუდი – ის კარგია ან ცუდია კონტექსტში.

„ჩვენ გვაქვს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია, რომელიც შეფასებულია ევროსაბჭოს კვლევით, როგორც არა–დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც მხოლოდ ერთი პარტიის მიერ კომპლექტდება და შესაბამისად, მას არ გააჩნია დამოუკიდებლობა, რომელიც უნდა გააჩნდეს – ამბობს ანა ნაცვლიშვილი „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში – და ახლა ამ არა–დამოუკიდებელ, პოლიტიზირებულ, პარტიულად დაკომპლექტებულ ერთპიროვნულ ორგანოს ეზრდება უფლებამოსილებები , რომელიც მას შეუძლია გამოიყენოს მედიის ცენზურისთვის.

ვიცით და პრაქტიკაშიც გვინახავს და კიდევ უფრო მძიმეა, რომ ცენზურა ეხება მათ ვინც ხელისუფლების მორჩილი არ არის და არ ეხება მათ, ვინც ხელისუფლების პოლიტიკის გამტარია“.

ლელოს წარმომადგენელი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მმართველ ძალას წარმოადგინოს ის წერილი, რომელიც მათივე თქმით, ევროკავშირისგან მიიღეს და რომელიც ადასტურებს, რომ მათთვის გაგზავნილი სამი ვერსიიდან, ევროკავშირმა სწორედ ცვლილებების ეს პაკეტი მოიწონა.

„მომხსენებელი [დავით სონღულაშვილი] საათობის განმავლობაში საუბრობდა რაღაც წერილზე – თითქოს რაღაც წერილი არსებობს, როგორი აღფრთოვანებულია ევროკავშირი ამ რეგულაციებით. ჩვენ ვეუბნებოდით, რომ მოიტანეთ ეს წერილი, დააქსეროქსეთ და დაგვირიგეთ ეს წერილი, ეს დასკვნა, ეს შეფასება და ვერაფერი წერილი ვერ მოიტანეს. მესამე დღეა უკვე და წერილი ვერ მოიტანეს. ტყუიან, როდესაც ამბობენ, რომ ეს არის მოსაწონი და აღსაფრთოვანებელი რეგულაცია. მოგვიტანონ, სად წერია, რომ ეს არის კარგი ვერსია. ასეთი დოკუმენტი ვერ წარმოადგინეს. როგორ გგონიათ, რომ ჰქონდეთ, რატომ არ წარმოადგენდნენ?“ – სვამს კითხვას ანა ნაცვლიშვილი.

პოლიტიკოსის თქმით, ევროკავშირი კანონში ცვლილებებთან მიმართებით გამოყენებულია, როგორც შესაფუთი და ტყუილია ის, რომ ევროკავშირის რომელიმე დირექტივა იმ კანონის მიღებას ითხოვს ვინმესგან – მათ შორის საქართველოს ხელისუფლებისგან, რაც ქართულმა ოცნებამ დაჩქარებული წესით მიიღო.

„ჩვენ მერამდენე დასკვნა მივიღეთ უკვე ვენეციის კომისიისგან – მაგალითად, სასამართლოს კანონზე; იგივე კორუფციის კანონზე; დე–ოლიგარქიზაციის კანონზე რომ ეს არ არის ის, რაც უნდა კეთდებოდეს და იქ არ ესმით, რასაც ევროკავშირი ამბობს და სადაც არ ამბობს ევროკავშირი, იქ აბრალებენ, რომ თითქოს, ევროკავშირი ითხოვს ამის მიღებას. არ არის ასე,“ – ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები