"უნდოდათ, ნაკლები ხმაური ყოფილიყო,“ – „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში გირჩის წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ ასე ახსნა უმრავლესობის გადაწყვეტილება, პრეზიდენტის იმპიჩმენტის სხდომის შემდეგ, პირდაპირ, შესვენების გარეშე, დაჩქარებული წესით განეხილა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები.
ამ დრომდე მაუწყებლების მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენების, ტერორიზმის მოწოდებისა და უხამსობის შემთხვევები თვითრეგულირების საკითხი იყო და რედაქციების შიდა პროფესიული სტანდარტით რეგულირდებოდა.
სადაო შემთხვევებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განიხილავდა. ქარტიის ან თვითრეგულირების სხვა ორგანოების მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლოში, კომისიაში ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება არ ხდებოდა.
ცვლილებების შედეგად, პროცესი თვითრეგულირების მექანიზმით აღარ შემოიფარგლება: დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, კანონის 55 (2) მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს კომისიაში. კომისიამ დასაბუთებული დასკვნა 7 დღის ვადაში უნდა წარადგინოს - დარღვევის შემთხვევაში კი მაუწყებელი უნდა დააჯარიმოს.
იმ შემთხვევაში, თუ კომისია დაადგენს დარღვევის ფაქტს, მაუწყებელს ეძლევა გაფრთხილება. ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ანალოგიური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში - დაეკისრებათ ჯარიმა ბოლო ერთი წლის შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, არანაკლებ 2500 ლარისა. მომდევნო ანალოგიური დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის თანხა იზრდება.
სწორედ აქ ჩნდება ეჭვი, რომ იმ პირობებში, როდესაც 12 პირობიდან ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი – სასამართლოს დამოუკიდებლობა და სამართლიანობა ჯერ კიდევ შეუსრულებელია, ჯარიმები შესაძლოა კონკრეტული არასასურველი მედიის წინააღმდეგ იყოს გამოყენებული.
„ხალხი რომ ადგა, მაშინ თქვეს არ ადგეთ ერთი კანონი გვაქვს დაჩქარებულად განსახილველიო – ჩვენ დაგვაინტერესა, რა კანონი გადიოდა და დავრჩით. ჩუმად უნდოდათ განხილვა. იმ დღეს ჩვენ სიტყვითაც გამოვედით და ცოტა წყალი ავუმღვრიეთ,“ – ამბობს იაგო ხვიჩია „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში.
მისი თქმით, უნდა ვკამათობდეთ იმაზე, თუ რას ნიშნავს მედიის რეგულირება და სჭირდება თუ არა საერთოდ, სიტყვას რეგულირება. „თუ მედია რეგულირებულია რაღაც მოტივით – მათ შორის, რომ სიძულვილის ენა არ გაჟღერდეს, სადღაც უხამსობა არ გაეპაროს ვიღაცას და ა.შ. და ამის არბიტრი არიან ქოცები [ქართული ოცნება], რომლებიც თვითონ ნიშნავენ მარეგულირებელს, საჩივრდება მათ მიერ შექმნილ სასამართლოში და სანქცირებულ სასამართლოში – თავისთავად ცხადია, რომ ეს საბოლოო ჯამში მივა ოპოზიციური მედიის შეზღუდვამდე“ – ამბობს იაგო ხვიჩია.
გირჩის წარმომადგენელს მიაჩნია, რომ შეზღუდვები ნაკლებად ან საერთოდ არ შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს და პრო–სახელისუფლო მედიას. „ეს გავრცელდება ოპოზიციაზე და თუ გავრცელდება სახელისუფლო მედიაზე მხოლოდ იმიტომ, რომ ოპოზიციამ არ იყვიროს და სათქმელი ჰქონდეთ, რომ ყველას აჯარიმებენ. ამ კანონის რეპრესიული ხასიათი გამოყენებული იქნება ძირითადად პატარა მედიების და ოპოზიციის წინააღმდეგ“ – ამბობს იაგო ხვიჩია „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში.