BMGTV-ის გადაცემა “Drive”-ში საპარლამენტო ჯგუფ “გირჩის” წევრი იაგო ხვიჩია კერძო საკუთრების მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარების პერსპექტივას სახელმწიფო ქონების კერძო საკუთრებაში გადაცემაში ხედავს.
“ქვეყნის გამდიდრების პროცესი ორნაირად წარმოგვიდგენია. პირველი ისაა, რაც აქამდეც უნდა გაგვეკეთებინა - საბჭოთა კავშირის დამთავრება საკუთრების ნაწილში. ქვეყნის მთელი ქონების მხოლოდ 10% თუ იქნება ადამიანთა საკუთრება, დანარჩენი კი სახელმწიფოსია, ანუ - უპატრონო. უნდა მოვიფიქროთ, რომ ეს უპატრონო საკუთრების 90% ადამიანების იყოს და 10% სახელმწიფოსი, როგორც ეს აშშ-სა და დასავლეთის სხვა წარმატებული ეკონომიკების მქონე ცივილიზებულ ქვეყნებშია, ჩვენ ხომ საგრძნობლად სწრაფად გავმდიდრდებით”, - ამბობს იაგო ხვიჩია.
პარლამენტარი კონკრეტულ პროექტებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ დროებით მთავრობას არ გააჩნია მოტივაცია, მის საკუთრებაში დროებით არსებული ტერიტორიები განავითაროს.
“თუ სახელმწიფო რამეში უნდა იყოს ჩართული, იქნება ეს ანაკლიის პორტი თუ ნებისმიერი სხვა პროექტი, მან რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაასხვისოს, გააკერძოოს მის ხელთ არსებული უზარმაზარი აქტივები. თუ შენ ხარ მთავრობა, რომელიც დროებითაა მოსული და იცი, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ წახვალ, შენი სტიმული რაჭის ტყეების განვითარება არ არის. შენი სტიმულია, რაც შეიძლება უკეთ გამოიყენო ეს ტყე, დაჭრა, გამოიტანო, მასალად აქციო… დანარჩენს შენ მერე ვინც მოვა, ის მიხედავს.
კერძო საკუთრებას რა თვისებაც გააჩნია ისაა, რომ შენ თუ კერძო საკუთრებას ფლობ, მას არ ანადგურებ. პირიქით, ზრუნავ, რომ რაც შეიძლება განავითარო და უფრო ძვირად ღირებულ აქტივად აქციო. სახელმწიფოს შემთხვევაში ეს არ ხდება. თუ ჩინოვნიკს ტყე აბარია, ან რამე წიაღისეული, მისი ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად გამოიყენოს ის, რადგან თანამდებობის დატოვების შემდეგ მას ვერც გადაიფორმებს და ვერც მემკვიდრეობით გასცემს. უპატრონოდ მიტოვებულ საკუთრებას ბიუროკრატია ხრავს”, - ამბობს იაგო ხვიჩია.