მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მედიამ ფაქტები და მოსაზრებები უნდა გამიჯნოს და ამბები მიუკერძოებლად გაავრცელოს - კახა ბექაური

ბექაური
22.01.26 00:08
313

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა, ტელეიმედის ეთერში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესულ ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მედიაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დეზინფორმაცია, ყალბი ინფორმაცია და ფაქტისა და მოსაზრების ერთმანეთში აღრევაა, რაც მისი თქმით, მაყურებელს ხელს უშლის ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში.

ბექაურის თქმით, კანონში შესული ცვლილებებით მაუწყებლებს დაევალათ ის ფუნდამენტური პრინციპები, რომლებიც ჟურნალისტური სტანდარტით ისედაც ევალებოდათ, თუმცა ვინაიდან ეს არ იყო საკმარისი, საჭირო გახდა კანონით დარეგულირება.

კერძოდ, ComCom-ის თავმჯდომარის განცხადებით, კანონში შესული ცვლილებების მიხედვით მაუწყებელი ვალდებულია ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია მაყურებელს ჯეროვანი სიზუსტით მიაწოდოს, ასევე უზრუნველყოს სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვა და ფაქტი და მოსაზრება მკაფიოდ გამიჯნოს ერთმანეთისგან. მისივე თქმით, ცვლილებები ასევე ავალდებულებს მაუწყებელს, რომ პირს, რომლის მიმართაც პროგრამაში ბრალდებები გამოითქვა, დროული და ჯეროვანი პასუხის გაცემის საშუალება მისცეს.

„ნებისმიერმა ჟურნალისტმა ეთიკის კოდექსიდან გამომდინარე იცის, რომ ფაქტი არ უნდა დაამახინჯოს, იცის, რომ მიუკორძოებლად და სამართლიანად უნდა გააშუქოს ნებისმიერი მოვლენა და ასევე თუ საკითხი ეხება ადამიანს, იმ ადამიანს უნდა ჰქონდეს პასუხის გაცემის უფლება. ეს საკითხები, რომელიც რეგულირებაში გადავიდა 9თვის წინ, ეს საკითხები მაუწყებელთა ქცევის კოდექსში დიდი ხანი იყო, 2009 წლიდან სავალდებულო იყო მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტებისთვის მისი დაცვა, თუმცა მისი დაცვა და დარღვევის შემთხვევაში მისი გასაჩივრება ხდებოდა თვითრეგულირების ორგანოში, რაც არ იყო ეფექტიანი. ამიტომაც, ჩვენ ბრიტანული კანონმდებლობის ზუსტი ანალოგის მიხედვით, ევროპის აპრობირებული პრაქტიკის შესაბამისად ვიხელმძღვანელეთ,“ - განაცხადა კახა ბექაურმა.

მან „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების აღსრულებაზე ისაუბრა და თქვა, რომ კანონის ეფექტიანი აღსრულებისთვის, კომისიამ აქტიურად იმუშავა და შეისწავლა საერთაშორისო პრაქტიკა ვინაიდან, მისივე თქმით, მაუწყებლობის კანონში შესული ცვლილებები სწორედ ბრიტანული კანონმდებლობის ანალოგია.

„ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ და ძალიან კარგი პრაქტიკა მივიღეთ არა მხოლოდ ამ საჩივრებზე, არამედ შევისწავლეთ ევროპის საუკეთესო პრაქტიკა, მათ შორის ბრიტანეთის, ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელს (Ofcom) პრაქტიკა, კომისიის აპარატმა გაარჩია ყველა ის მნიშვენელოვანი ქეისი, რომელიც მსგავსი შინაარსობრივი ტიპის დარღვევებს ეხებოდა და Ofcom-ს აქვს მრავალი გადაწყვეტილება მიღებული. ამიტომ, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ კომისიის აპარატი კომპეტენციით სრულიად მზად არის და უკვე რეალურად ახორციელებს ამ კანონის აღსრულებას და ჩემი რწმენა და იმედიც არის ის, რომ, ჩვენ ყველა მალე ვნახავთ, რომ რამდენიმე თვე დასჭირდება მხოლოდ და მაყურებელი ამას ძალიან მალე შეამჩნევს, რომ ფაქტზე დაფუძნებული ამბები და ფაქტის გამიჯვნა მოსაზრებისგან - ეს ყველაფერი მედიასივრცეში ძალიან მალე ჩაანაცვლებს დეზინფორმაციასა და ყალბ ინფორმაციას“, - აღნიშნა კახა ბექაურმა.

მან ჯარიმების სტატისტიკაზეც ისაუბრა: „კრიტიკა და თავდასხმები, რომელიც აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებს მოჰყვა, გარკვეულ ჯგუფებს პოლიტიკური მოსაზრებებისთვის სჭირდებოდათ, ვინაიდან ეს ბრალდებები და კრიტიკა არასამართლიანია. მეტსაც გეტყვით, ჩვენ ამ კანონის აღსრულება, როგორც იცით უკვე დავიწყეთ და 11 საჩივარი უკვე განვიხილეთ, 3 საჩივარი მიმდინარეა, და ამ 11 საჩივრიდან ნახევარი არის ზუსტად იმათ მხრიდან შემოტანილი, ვინც 9 თვის წინ კანონის მიღებისას ჩვენ და პარლამენტს გვაკრიტიკებდა და იძახდა, რომ ცუდია, ისინი დღეს თავად სარგებლობენ ამ სიკეთით“, – განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ.

მისივე მტკიცებით, ფაქტები ნათლად აჩვენებს, რომ კომუნიკაციების კომისიის მიზანი არა მაუწყებლების დასჯა, არამედ დარღვევების პრევენცია, სტანდარტის ამაღლება და მაყურებლების ინტერესების დაცვაა, რაზეც ბოლო წლებში მაუწყებლებისთვის დაკისრებული ჯარიმების მინიმალური ოდენობა და სტატისტიკა ნათლად მეტყველებს. სანქცირებებზე საუბრისას, ComCom-ის თავმჯდომარემ ბოლო 5 წლის სტატისტიკაც მოიყვანა და აღნიშნა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში კომისიამ „ტელეიმედს“ მხოლოდ 6 წერილობითი გაფრთხილება და 5 ფინანსური ჯარიმა დააკისრა, „ტელეკომპანია პირველს“ – 6 გაფრთხილება და 1 ფინანსური ჯარიმა; „მთავარ არხს“ 6 გაფრთხილება და 5 ჯარიმა, „რუსთავი 2“-ს კი 4 გაფრთხილება და 4 ჯარიმა. თავმჯდომარის თქმით ამ პერიოდში „ფორმულას“ 8 წერილობითი გაფრთხილება და 2 ფინანსური ჯარიმა დაეკისრა, „პოსტვ“-იმ კი 2 გაფრთხილება მიიღო.

ამასთან, ბექაურმა ბოლო 10 წლის განმავლობაში მაუწყებლობის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები შეაჯამა. მისი მტკიცებით, ქვეყანაში გატარებულმა ლიბერალურმა მედიაპოლიტიკამ უზრუნველყო სიტყვის თავისუფლება, მედიაპლურალიზმი და მაუწყებლობის განვითარებისთვის ფუნდამენტურად განსხვავებული გარემო. ბექაურის თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა იყო, რამაც ბაზარზე ახალი მოთამაშეების შემოსვლა და კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბება შესაძლებელი გახადა.

მისივე თქმით, 2012 წლამდე ქვეყანაში მაუწყებლობის დაწყება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, არსებობდა შეზღუდული გარემო და სულ 4 ეროვნული მაუწყებელი ფუნქციონირებდა. „დღეს ქვეყანაში უკვე 21 ეროვნული მაუწყებელია და ჯამში 100-ზე მეტი ტელევიზია მაუწყებლობს,“ – აღნიშნა კახა ბექაურმა.

ComCom-ის თავმჯდომარემ ყურადღება ასევე გაამახვილა იმაზე, რომ ლიცენზირების რეჟიმის გაუქმების შემდეგ, მაუწყებლობის დაწყება ავტორიზაციის მარტივი და სწრაფი პროცედურით გახდა შესაძლებელი. მისი განცხადებით, დღეს ნებისმიერი მსურველი მაუწყებლობის დაწყებას ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური სისტემით, სულ რაღაც 10 დღეში ახერხებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები