მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

[მედიკამენტების დეფიციტი] ობიექტური მიზეზებით არის გამოწვეული - ბიზნესის პასუხი ჯანდაცვის მინისტრს

ჯანდაცვის სამინისტრო

"ყველა შეფერხება, რომელიც მედიკამენტების დეფიციტს უკავშირდება, აბსოლუტურად ობიექტური მიზეზებით არის გამოწვეული", - ასე პასუხობს "ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია" ჯანდაცვის მინისტრს. ილონა კოკიაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში ქვეყანაში არა მხოლოდ ონკოლოგიური მედიკამენტების, არამედ სხვა სახის წამლების დეფიციტია. მთავარ მიზეზად თურქეთიდან წამლების იმპორტის შეფერხება სახელდება.

"ყველა კომპანია დაინტერესებულია და მისი პირველი ამოცანაა, ბაზარი მედიკამენტებით მაქსიმალურად მოამარაგოს. თურქეთიდან მედიკამენტები, არა მხოლოდ ონკოლოგიური, ჩაიკეტა. თურქეთის სახელმწიფომ გადაწყვიტა, თურქეთში იმპორტირებული მედიკამენტების ექსპორტზე გატანა აკრძალოს. ამ აკრძალვაში ონკოლოგიური მედიკამენტებიც მოექცა. მომწოდებელი დისტრიბუტორებს იმ რაოდენობის მედიკამენტებს ვერ აწვდის, რაც გვჭირდება. მინისტრთან შეხვედრა გვქონდა. იქ ცალსახად ყველა კომპანიამ აღნიშნა, რომ უკვე ნაყიდი, წინასწარ გადახდილი ლოტების მოწოდებაც კი შეფერხებულია. ეს [დეფიციტი] სუფთა ობიექტური მიზეზებით არის გამოწვეული", - აღნიშნა ილონა კოკიაშვილმა BMG-სთან.

როგორც "ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაში" აღნიშნავენ, მარაგების შესავსებად ბიზნესი სხვადასხვა გზას ეძებს. ფარმაცევტულ სექტორში ამბობენ, რომ მედიკამენტების შესაძენად ევროპულ ქვეყნებში იმაზე მეტის გადახდაა საჭირო, ვიდრე ამას საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი რეფერენტული ტარიფები ითვალისწინებს. კერძო სექტორს სურს, პროცესი კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართოს და ურთიერთბრალდებები დასრულდეს.

"ჩემი მოღვაწეობის განმავლობაში არ მინახავს პერიოდი, როდესაც სექტორი სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად ოპერირებდა. მაქსიმალური ჩართულობა ყოველთვის იყო, რათა ნებისმიერი შექმნილი პრობლემა თუ მწვავე საკითხი, მოგვარებულიყო. თუ რომელიმე მხარე პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს და რომელიმე მეორე მხარეზე ბრალდებებს გაუშვებს, საერთო პრობლემა ვერ მოგვარდება. ვერცერთ ფარმაცევტულ კომპანიას ვერ დამისახელებთ, რომელსაც სურვილი არ აქვს, მწვავე მდგომარეობა არ მოაგვაროს, მით უმეტეს, როდესაც საუბარი ისეთ სენსიტიურ თემას ეხება, როგორიც ონკოლოგიაა", - აღნიშნა ილონა კოკიაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ მედიკამენტების დეფიციტი, შესაძლოა, სუბიექტური მიზეზებით იყო გამოწვეული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები