პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მედიკამენტების ფასების რეგულირების საკითხზე მთავრობა გადაწყვეტილებას მიმდინარე კვირაში მიიღებს.
“კიდევ ერთი დაპირება, რაც ჩვენ გვაქვს, მედიკამენტების ფასებს შეეხება; ამ თემაზე მიმდინარე კვირაში უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რაც ჩვენი პროგნოზით, მედიკამენტების ფასს მნიშვნელოვნად შეამცირებს. ფარმაცევტული ბაზრის ანგარიში დასრულებულია. კონკურენციის სააგენტომ უკვე დაასრულა მუშაობა. ჯანდაცვის ახალი მინისტრი უკვე შეხვდა სააგენტოს ხელმძღვანელს და ერთად დაგეგმეს შემდგომში გასატარებელი ღონისძიებები.
ასევე ვაპირებთ გავხსნათ თურქეთის ბაზარი, რომ თურქეთიდან შემოვიდეს მაღალი ხარისხის მედიკამენტები, რაც ჩვენი პროგნოზით, ფასებს გააიაფებს მედიკამენტებზე. ამას გარდა, ასევე ვმუშაობთ კანონმდებლობაზე, რომელიც ამ მიმართულებით სიტუაციას კიდევ უფრო გააუმჯობესებს”, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
2021 წლის ბოლოს ჯანდაცვის სამინისტრომ ფარმაცევტული ბაზრის რეგულირების დოკუმენტზე დაიწყო მუშაობა, რომელმაც კომპანიების ბაზარზე თამაშის ახალი წესები უნდა განსაზღვროს. მიზანი მედიკამენტებზე მოქალაქეთა დანახარჯების შემცირება და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. ამ პროცესს წინ უძღოდა კონკურენციის სააგენტოს მიერ მომზადებული დასკვნაც, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის შედეგებს მოიცავს.




























