2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეს დილის 10 საათიდან დაიწყო. საინფორმაციო ცნობარის მიხედვით, კერძო უნივერსიტეტების ნაწილში რიგ მიმართულებებზე სწავლის საფასური გაზრდილია.
ალტე უნივერსიტეტში გვიხსნიან, რომ სწავლის საფასური მხოლოდ მედიცინის მიმართულებაზე დაკორექტირდა. ალტე უნივერსიტეტის" ვიცე პრეზიდენტი, მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებით ანა ამირანაშვილი ამბობს, რომ კერძო უნივერისტეტებში სახელმწიფო გრანტების გაუქმების პარალელურად აბიტურიენტებს ალტე უნივერსიტეტში შიდა საგრანტო მექანიზმით სარგებლობა შეეძლებათ.
“აბიტურიენტებს აქვთ შესაძლებლობა სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით, მაგალითად ოქროს მედალოსნებს, ვერცხლის მედალოსნებს და სხვადასხვა აკადემიური მიღწევის მქონე აბიტურიენტებს მიიღონ ალტე უნივერსიტეტის დაფინანსება და ამით დააკომპენსირონ, ის საკითხი, რომ დღესდღეობით სახელმწიფო გრანტი მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის არის განკუთვნილი.
რაც შეეხება ფასებთან დაკავშირებულ ცვლილებებს, ჩვენ ფაქტობრივად არცერთ პროგრამაზე ფასი არ შეგვიცვლია, მხოლოდ მედიცინის პროგრამაა გამონაკლისი, სადაც მცირედით მოიმატა გადასახადმა, თუმცა ეს პროგრამის სპეციფიკიდან უფრო არის გამოწვეული, იმიტომ რომ მედიცინა თავისთავად შედარებით ძვირად ღირებული პროგრამაა, დაკავშირებულია კლინიკურ პრაქტიკასთან. ჩვენი მედიცინის პროგრამა ნამდვილად გამოირჩევა განსაკუთრებულად მაღალი ხარისხის პრაქტიკით.
თუმცა, მიუხედავად აი ამ ფასის ცვლილებისა, კერძო უნივერსიტეტებს შორის ჩვენი მედიცინის პროგრამა კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე ხელმისაწვდომ პროგრამად, მით უმეტეს, რომ ქართულენოვანი მედიცინის პროგრამები კერძო უნივერსიტეტებში მრავლად არ გვხვდება. დანარჩენ სხვა პროგრამებზე პრაქტიკულად იგივე ფასი არის დატოვებული, რაც ჩვენ გვქონდა გასულ წელს,”-აცხადებს ალტე უნივერსიტეტის" ვიცე პრეზიდენტი, მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებით ანა ამირანაშვილი.




























