კომპანია „მეგადორსი“, რომელიც დღემდე მხოლოდ კარებს აწარმოებდა, ავეჯის წარმოებას იწყებს.
კომპანიის დირექტორი ილია გაბაიძე BM.GE-სთან საუბრისას ამბობს, რომ ახალი წარმოება 800 კვ/მ-ზე მოეწყობა და შედეგად კარისა და ავეჯის წარმოების საერთო ფართი 1 600 კვ/მ-ს მოიცავს. მისი ინფორმაციით, კომპანიამ გასული წლის ბოლოს თბილისის მერიიდან მშენებლობის ნებართვის მიღების შემდეგ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში მიღებული სესხის მეორე ნაწილით - 3 მლნ ლარით, ახალი საწარმოს და შოურუმის მოწყობა მიმდინარე წლის იანვრიდან დაიწყო.
„სავარაუდოდ, ივლისის ბოლოს ავეჯის წარმოების დასრულებულ პროექტს ვიხილავთ. ახალ საწარმოში სამზარეულოს, საძინებლის, საოფისე, სარესტორნო და ზოგადად, ყველა ტიპის ავეჯი დამზადდება, რისი მიღებაც მდფ-ის, რკინისა და ქვის კომბინაციით არის შესაძლებელი.
რაც შეეხება შოურუმების მოწყობას, წლის ბოლომდე მომხმარებელს წარმოებაში გამოყოფილ 200 კვ/მ-ზე გათვლილი საგამოფენო სივრცეში, ყველა იმ პროდუქტს წარვუდგენთ, რასაც „მეგადორსი“ აწარმოებს“, - ამბობს ილია გაბაიძე.
წარმოების გაზრდისა და გამრავალფეროვნების შედეგად კომპანიაში დასაქმებულთა რიცხვი 100-მდე გაიზრდება. ილია გაბაიძე ქვეყანაში კვალიფიციური კადრების დეფიციტზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ გამოწვევის დასაძლევად „მეგადორსი“ კადრების გადამზადების პროგრამის ამოქმედებას გეგმავს.
„ქვეყანაში კვალიფიციური კადრების დეფიციტი ნამდვილად არის. ამიტომ ჩვენი პოლიტიკაა, რომ ახალი დანადგარების შეძენასთან ერთად, ჩამოვიყვანოთ გამოცდილი ინსტრუქტორები და მსურველებს წარმოების სპეციფიკა ადგილზე შევასწავლოთ. ამის შემდეგ უკვე დავასაქმოთ ისინი, ამიტომ მუდმივად მზად ვართ, მივიღოთ და აღვზარდოთ მსურველები, წარმოების ყველა მიმართულებით“, - უთხრა BM.GE-ის კომპანიის დირექტორმა.
ცნობისთვის: "მეგადორსის" დამფუძნებელი რაულ გაბაიძე გასულ წელს BM.GE-სთან ავეჯის ახალი კომბინირებული საწარმოს და შოურუმის აშენების შეფერხების მიზეზებზე საუბრობდა. მეწარმის პრეტენზიების მთავარი ადრესატი თბილისის მერია იყო. რაულ გაბაიძე ყვებოდა, რომ თითქმის 10 თვის განმავლობაში მერიისგან ყველა საჭირო ნებართვის მიღება ვერ მოახერხა, რაც დაახლოებით, 3 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელებას და 10-15 ახალი სამუშაო ადგილის გაჩენას აფერხებდა. მისივე ცნობით, „აწარმოე საქართველოს“ პროგრამით კომპანიას 6 მლნ ლარის მოცულობის სესხი 1.5 წლის წინ დაუმტკიცდა და მისი ნახევარი 3 მლნ ლარი სწორედ საწარმოს გაფართოებისა და ასორტიმენტის გაზრდისთვის იყო გამიზნული, რომლის შესასრულებლად კომპანია მერიისგან გაფართოების ნებართვას ელოდა, რომელიც 2021 წლის მიწურულს მიიღო.