მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მეიჯარეები არჩევანის წინაშე დადგებიან, რადგან მათ გადასახადის გადახდა მოუწევთ“ - იმუშავებს თუ არა „საპოლიციო გამოსახლება"?

სამართლის ექსპერტი

მთავრობა „საპოლიციო გამოსახლების“ დაბრუნებაზე მუშაობს, თუმცა ის მოქალაქეების საკუთრების უფლებას, შეცვლილი სახით დაიცავს. ოფიციალური განცხადებების მიხედვით, იმისთვის, რომ პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში საპოლიციო გამოსახლების მომსახურებით ისარგებლო, საჭირო იქნება რეესტრში ქირავნობის ხელშეკრულება დარეგისტრირებული იყოს, რაც შესაძლოა ყველა ბინის მეპატრონისთვის მისაღები არ აღმოჩნდეს. მიზეზი კანონით განსაზღვრული ჩანაწერია, რომლის თანახმადაც გამქირავებლებს სახელმწიფოსთვის წლიური შემოსავლიდან მინიმუმ 5%-ის გადახდა მოუწევთ.

სამშენებლო სამართლის ექსპერტი უჩა ზაქაშვილი ამბობს, რომ კანონი სავარაუდოდ მხოლოდ იმ ნაწილზე იმუშავებს, ვინც ქირავნობას ოფიციალურად გააფორმებს და გადახდაც მხოლოდ საბანკო გზით მოხდება. ამ გზით კი სახელმწიფო იმ გადასახადის ამოღებასაც შეძლებს, რომლის ადმინისტრირებაც აქამდე ვერ ხერხდებოდა.

„მეიჯარეები დადგებიან არჩევანის წინაშე დაარეგისტრირონ თუ არა იჯარის ხელშეკრულება, რადგან ამ შემთხვევაში მათ მოუწევთ გადასახადის გადახდა. ამ ცვლილებას შეიძლება ორმაგი ეფექტი ჰქონდეს, ერთი ის, რომ მეიჯარეები წახალისდნენ და თავის დაცვის გამო დაარეგისტრირონ იჯარის ხელშეკრულებები, ანუ იყვნენ დაცულები და მეორე ის, რომ პარალელურად სახელმწიფომ მიიღოს ეს შემოსავალი, რომლის ადმინისტრირებასაც ამ დრომდე ვერ ახერხებდა.

მე მგონია, რომ მხოლოდ იჯარის ხელშეკრულების რეესტრში რეგისტრაციაც არ გაუიოლებს საჯარო რეესტრს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ამ გადაწყვეტილების მიღებას, რადგანაც დამტკიცებული იქნება ქირას ნამდვილად იხდიდა თუ არა. საჯარო რეესტრი უნდა გახდეს პრაქტიკულად სასამართლო, მან უნდა შეაფასოს მოხდა თუ არა გადახდები. მოგეხსენებათ, ყველა მოქალაქე იურიდიულ ცოდნას არ ფლობს და ზოგ შემთხვევაში გადახდები შეიძლება ნაღდი ანგარიშსწორებით სხვადასხვა სუბიექტების მხრიდან იყო ჩარიცხული და ა.შ. რაც ამის მონიტორინგს პრაქტიკულად შეუძლებელს გახდის. ამით იმის თქმა მინდა, რომ იზღუდება ის წრე, ვინც ამ ცვლილებით ეფექტურად ისარგებლებს. ამ არსებულ რეალობასთან შედარებით, რა თქმა უნდა, წინ გადადგმული ნაბიჯია, რომ ("საპოლიციო გამოსახლება") ბრუნდება, თუმცა როგორ იმუშავებს ეს დამოკიდებული იქნება ბევრ ფაქტორზე და იმაზე, თუ რამდენად მკაფიოდ იქნება გაწერილი ეს ყველაფერი", - ამბობს ზაქაშვილი.

სამშენებლო სამართლის ექსპერტი აცხადებს, რომ კერძო საკუთრების უფლება უპირობოდ ისედაც დაცული უნდა იყოს და რეგულაციის გაუქმება ნაჩქარევი იყო. მისი შეფასებით, ამ ფორმით რეგულაციის დაბრუნება განსხვავებული მიდგომაა.

"ეს (საპოლიციო გამოსახლება) კერძო საკუთრების უფლების დაცვას იყოს მორგებული, რაც ნორმას ევალებოდა იმ ფუნქციას ასრულებდა. დღეს ცოტა სხვაგვარ რეგულაციასთან გვაქვს საქმე. ყოველ შემთხვევაში ის განცხადებები რაც გავრცელდა ოფიციალურ პირების მხრიდან, ითვალისწინებდა რომ ვინც არ დაარეგისტრირებს, მათ მოუწევთ სასამართლოს გზით წასვლა. საჯარო რეესტრში იჯარის ხელშეკრულება ხშირად უპრიანი არც არის, როცა საუბარია ერთ-ორთვიანთ განთავსებაზე, ამიტომ არ ვიცი რამდენად სიხარულით შეხვდებიან მოქალაქეები ამ გადაწყვეტას, თუმცა გარკვეულ ნაწილზე დადებითი ეფექტი ექნება“, - განაცხადა ზაქაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები