მელიქიშვილის გამზირზე საპროტესტო აქციამ მობილური პროტესტის სახე შეიძინა. ამის შესახებ ადგილზე მყოფმა პოლიტიკურმა ლიდერებმა აქციის მონაწილეებს მიმართეს. როგორც "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განმარტა, პროტესტის მონაწილეები მშვიდობიან აქციას გააგრძელებენ და იმ შემთხვევაში თუ საპოლიციო ძალები აქციის მონაწილეებისკენ წამოვლენ პროტესტის მონაწილეებიც უკან დაიხევენ.
"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე კი განმარტავს, რომ პროტესტი მუდმივად გაგრძელდება და ქუჩების ბლოკირება მოხდება. მისი თქმით, საპროტესტო აქციის მონაწილეები ჭავჭავაძის გამზირზე დაბრუნებას აპირებენ.
ამ დროისთვის გამზირზე ჭავჭავაძის გამზირის მხრიდან მობილიზებულია პოლიცია. ხოლო ფილარმონიის მხარეს აქციის მონაწილეები არიან განლაგებულები. არსებული ინფორმაციით, საპოლიციო ძალებით ჭავჭავაძის გამზირზე აქციის დაშლის შემდეგ, პროტესტის ტალღამ ძალადობრივად მელიქიშვილის გამზირზე გადმოინაცვლა. დაპირისპირების შედეგად დაკავებულია რამდენიმე პირი, თუმცა შსს-ში ჯერ ზუსტ რიცხვს არ ასახელებენ.
„პოლიცია დგას და გზის გადაკეტვაში გვეხმარება, თუ დაიშლებიან ჩვენ გადავინაცვლებთ ჩვენთვის სასურველ ადგილას გადაინაცვლებს. აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომები გვაქვს. ბევრი რამ ნაფიქრია, ადგილზე კოორდინირებულად ვიღებთ სწრაფ გადაწყვეტილებებს იმისთვის, რომ ეს უწყვეტი პროტესტი შევინარჩუნოთ. ძალიან მნიშვნელოვანია უწყვეტი პროტესტი, რომელიც სისტემას ღლის და ჩვენ გვაძლიერებს. ძალიან კარგი იყო ასე გადაჭარბებული ძალით რომ გამოვიდნენ იმიტომ, რომ სრულად დავინახეთ, რის შესაძლებლობა აქვთ. მთელი სპეცრაზმი, პოლიცია, ყველა დაჯგუფება ჰყავდათ გამოყვანილი. ფაქტობრივად, ამაზე დგას პოლიცია, მეტი არაფრის რესურსი მათ არ აქვთ. ვიცით, რომ ის ადამიანები, ვისაც საქართველოს ევროპული პერსპექტივის და „ძლიერი საქართველოს“ იდეის სჯერა, გაცილებით მეტი ვართ“, - განაცხადა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.